შოვში დაკარგული კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს, მსხვერპლთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა; ერთ მოზარდს ისევ ეძებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს, 10 სექტემბერს, შუადღისას გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ერთ მოზარდს ისევ ეძებენ.
დღეს ნაპოვნი გარდაცვლილიც ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მოზარდიდან, რომლებსაც ამ დრომდე ეძებდნენ, ერთი, 12 წლის ბიჭი ზაზა მესხის შვილია, მეორე, 10 წლის ბიჭი – მისი გერი. ზაზა მესხი ნიდერლანდებში ცხოვრობდა და ამ ზაფხულს რაჭაში, უწერაში უკრაინელ მეუღლესა და 3 შვილთან ერთად ისვენებდა. იმ საბედისწერო დღეს, 3 აგვისტოს, ისინი შოვის დასათვალიერებლად წავიდნენ ავტომანქანით. სტიქიის შემდეგ მათი კვალი დაიკარგა. 5 აგვისტოს იპოვეს ზაზა მესხის მეუღლე.
ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი გუშინ, 9 სექტემბერს დაკრძალეს. დღეს ნაპოვნი მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
ნანა ძნელაძე
კომენტარები