ატლანტა-ბარსელონის რეისი უკან დააბრუნეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ფაღარათის გამო „ბიოლოგიური საფრთხე“ შეიქმნა (ვიდეო)
თვითმფრინავი, რომელიც ატლანტიდან ბარსელონისკენ მიფრინავდა, „ბიოლოგიური საფრთხის“ გამო 2-საათიანი ფრენის შემდეგ უკან, ატლანტაში დააბრუნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, საშიშროება ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შექმნა – მას ფაღარათი დაემართა, წერს Daily Mail-ი.
თვითმფრინავი ჰაერში იყო, როდესაც დისპეტჩერმა პილოტისგან შეტყობინება მიიღო ფრენის შეწყვეტის მოთხოვნით. ეკიპაჟმა ბორტზე არსებული ვითარება „ბიოლოგიურ საფრთხედ“ შეაფასა.
აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს დიარეის ისეთი ძლიერი შეტევა ჰქონდა, რომ მან ტუალეტამდე მირბენა ვერ მოასწრო. შედეგად, თვითმხილველების თქმით, Airbus 350-ის მთელი სალონი ფეკალიებით გაისვარა.
დაშვების შემდეგ მგზავრი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. თვითმფრინავის გაწმენდას ხუთი საათი დასჭირდა. კერძოდ, ტექნიკოსებს სასწრაფოდ მოუწიათ იატაკის ხალიჩის ხელახლა დაგება.
თვითმფრინავის მფლობელმა ავიაკომპანია Delta-მ მომხდარი დაადასტურა და აღნიშნა, რომ „სამედიცინო საკითხის“ გამო პილოტს გზიდან გაბრუნება მოუწია, სალონს კი გასუფთავება დასჭირდა.
„ჩვენმა გუნდმა შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ მოახერხა, საგულდაგულოდ გაესუფთავებინა თვითმფრინავი და მგზავრები დანიშნულების ადგილზე ჩაეყვანა. მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით დაყოვნებისა და შექმნილი უსიამოვნებისთვის“, – აცხადებს კომპანია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები