ეკონომიკამოგზაურობა

მგზავრთა საყურადღებოდ! – ქუთაისის აეროპორტი 3-4 სექტემბერს ორი დღით დაიკეტება

ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!

სექტემბრის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

კერძოდ, რეაბილიტაცია 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან დაიწყება და 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათზე აეროპორტი კვლავ განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

„მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!

ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს.

მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია „ომნიბუს ექსპრესი“ უზრუნველყოფს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება აუცილებელია.

„ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – წერია აეროპორტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close