გაფრთხილება ამინდის შესახებ! – საქართველოში 9-13 აგვისტოს პერიოდში თბური ტალღაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. სააგენტოს ინფორმაციით, სიცხესთან ერთად იმატებს ხანძრების კერების გაჩენის რისკი.
„მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა „სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს”.
მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ევროპის კონტინენტზეც. ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილში, ჯერ კიდევ ივლისში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 46 ◦C – სს მიაღწია. მაღალი ტემპერატურა იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ჩრდილოეთ ამერიკასა და და ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში.
მედიის ცნობით, იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდ – იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხეების ფონზე, ჩვეულებრივზე შვიდი პროცენტით მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეკორდულმა ტემპერატურამ 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ქალაქებში, როგორიცაა: ბარი, კატანია და რეჯო კალაბრია.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში, სადაც ტემპერატურა შედარებით დაბალი იყო, სიკვდილიანობა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა – წინა მონაცემებთან შედარებით 14 პროცენტით შემცირდა.
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა გახდა ხანძრების გამომწვევი მიზეზი საბერძნეთში, კანადასა და ალჟირში.
რამდენიმე დღეა მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაში. მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოდემირიდან 1 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლი ათასობით ჰექტარზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 800 მეხანძრე.
მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის მასობრივად გამოყენებაა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და დადგა „გლობალური დუღილის ეპოქა“.
„კლიმატის ცვლილება აქ არის. [ეს] შემზარავია. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ შესაძლებელია გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვა და კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება. მაგრამ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები