დღის თემავიდეოსაზოგადოებასაქართველო

შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაღუპულის – ქალის ცხედარი აღმოაჩინეს (ვიდეო)

შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე სტიქიიდან მე-6 დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, ნაპოვნი გარდაცვლილი ქალია. გარდა ამისა, იპოვეს ადამიანის სხეულის ნაწილი.

„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 210-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19 ადამიანის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ ისევ ეძებენ.

როგორც ambebi.ge წერს, სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა – ესენი არიან რუსთავის მაცხოვრებლები, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.

„ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლის დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემს გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი, რომ ჩემია. ასე რომ, ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს“, – უთხრა სააგენტოს დავით მაისურაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close