საქართველო

„თითქოს ყველა გმირი ერთმანეთს ჰგავს, გმირები ლამაზები არიან, ძალიან ლამაზები“ – 15 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს.

411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა.

ომიდან 15 წლის თავზე ქვეყანაში კვლავ გლოვაა და კვლავ გმირების დრო დადგა.როგორც ჟურნალისტი ნინო დარასელი წერს – „თითქოს ყველა გმირი ერთმანეთს ჰგავს. გმირები ლამაზები არიან, ძალიან ლამაზები“.

დიდება გმირებს!!!

„ხანდახან და უფრო ალბათ ამ ბოლო დროს ხშირად, ჩვენი ქვეყნის გამო სასოწარკვეთა რომ შემიპყრობს და თითქოს გამოსავალი აღარსადაა, ვიგებ გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილისნაირ ადამიანებზე, რომელიც მეწყერიდან სამშვიდობოს გამოსული უკან შებრუნდა ადამიანების დასახმარებლად,
ვუსმენ გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელმაც დისშვილი მხრებით საათები ატარა და მერე უკან სხვების დასახმარებლად დაბრუნდა.
ვნახულობ ამბავს ძმებ მაცაბერიძეებზე, გიორგი და თორნიკეზე, სოფელ ველევიდან შემოვლითი გზით რომ გადავიდნენ შოვში იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად,
ვკითხულონ საბედნიეროდ გადარჩენილი მარიამ ბერიანიძის მონათხრობს უცნობ რაჭველ ბიჭებზე და ვინმე „ჰალკივით დაკუნთულ ლაშაზე”, რომლებიც მოულოდნელად შოვის ტყიდან გაჩნდნენ და დაშლილი კოტეჯების ფიცრებით ბილიკები გაუკეთეს ხალხს,
ვუყურებ ჩვენს ფაქტობრივად ენთუზიაზმზე მომუშავე მაშველებს, მოხალისეებს,
ქართველ კასკადიორთა ჯგუფს, ირაკლი საბანაძის ხელმძღვანელობით, სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს ახლაც რომ ეძებენ და ვხვდები, ყველაფრის მიუხედავად მაინც რატომ გადავრჩით და როგორ მოვედით აქამდე.
დღეს 2008 წლის 7 აგვისტოდან 15 წელი გავიდა, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მინდა მახსოვდეს და მადლობა გადავუხადო ყველა დაღუპულ და ცოცხალ გმირს, ვინც ჩვენი სიცოცხლისთვის იბრძოლა და იბრძვის ომში, თუ თითქოს მშვიდობიანობის დროს.
ფოტოებს და ვიდეოებს რომ ვნახულობ, თან აფხაზეთის ომში ნაბრძოლი, 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი თუ შოვში ადამიანების გადარჩენაში გამორჩეულების, გარეგნულადაც თითქოს ყველა გმირი ერთმანეთს ჰგავს.
გმირები ლამაზები არიან, ძალიან ლამაზები!
დიდება გმირებს!“, – წერს ნინო დარასელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close