დღის თემასაზოგადოებასაქართველო

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.

„თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.

ამასთან, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. დღეს შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. ავუხსენით დეტალურად, რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რათა თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ, რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე, შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.

შეგახსენებთ, რომ ისევ ეძებენ შემთხვევის დროს სტიქიის ზონაში მყოფ 25 ადამიანს, რომლებთანც კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.

ფოტო: შსს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close