ვიდეოიტალიასაზოგადოება

„საშინელება ხდებოდა… დილის 4 საათზე გიჟებივით წამოვხტით“ – მილანს კიდევ ერთმა ძლიერმა შტორმმა გადაუარა (ფოტოები, ვიდეო)

სამწუხაროდ, ექსტრემალურ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა - 16 წლის გოგონა და 58 წლის ქალი დაიღუპნენ ხის დაცემის შედეგად

დღეს, 25 ივლისს, დაახლოებით დილის 4 საათზე მილანს, ბრიანცის დიდ ნაწილს და ლომბარდიის ჩრდილოეთ რაიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. მედიის ინფორმაციით, ქალაქში ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევდა.

„საშინელება ხდებოდა!.. დილის 4 საათზე გიჟებივით წამოვხტით და ფანჯრები და დარაბები დავხურეთ, ასეთი არაფერი მინახავს, ჩემი აივნის ყვავილები სულ გაანადგურა“, – გვითხრა მილანში მცხოვრებმა  ემიგრანტმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი დავითულიანმა.

მისივე თქმით, ქარიშხალი და ძლიერი წვიმა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

სამწუხაროდ, ექსტრემალურ უამინდობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ლისონეში (მილანიდან ჩრდილოეთით, 18 კმ-ის დაშორებით, მონცის პროვინცია) 58 წლის ქალი დაიღუპა ხის დაცემის შედეგად. ქალი სამუშაოზე მიდიოდა, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, მან თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა, დაელოდა, სანამ ქარი და წვიმა გადაივლიდა, თუმცა როდესაც გზა განაგრძო, უეცრად ქარიშხლისგან მოგლეჯილი ხე დაეცა და იმსხვერპლა.

მედიამ კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ლომბარდიაში უამინდობის მსხვერპლის შესახებ – 16 წლის გოგონა, რომელიც სკაუტის ბანაკში კარავში ღამეს ათევდა კორნეტო გოლჯიში, კამონიკის ხეობაში (Val Camonica, ბრეშის პროვინცია), ქარიშხლისგან მოგლეჯილი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

მონცაში (მილანიდან 20 კმ-ის დაშორებით) 37 წლის მამაკაცი San Gerardo-ს საავადმყოფოში მოათავსეს თავის ტრავმის გამო. იგი მეუღლესა და 2 წლის შვილთან ერთად საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა კორეჯოს ქუჩაზე, როდესაც მანქანას მოგლეჯილი ხე დაეცა. საბედნიეროდ, დედა და გოგონა არ დაშავებულან, მამაკაცი გამვლელებმა გადმოიყვანეს მანქანიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

4-მა პოლიციელმა 64 წლის ქალი გადაარჩინა, რომელიც მონცაში მიწისქვეშა გადასასვლელში წყლის ტყვეობაში აღმოჩნდა. პატრულის 2 ეკიპაჟი ქარიშხლის შემდეგ უამინდობისგან მიყენებულ ზარალს ამოწმებდა კაზატის ქუჩაზე, როდესაც დაინახეს, რომ დაახლოებით 3 მეტრის სიღრმის წყალში ქალი იხრჩობოდა. 4-ვე პოლიციელი წყალში შევიდა და ქალი გამოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ სახლის კარი გააღო, რომელიც ბაღში გადის და წყალმა დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით გაიტაცა ახლომდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. პოლიციელებმა  ქალი 118-ის სამსახურს გადააბარეს და ახლა უკვე სატვირთო მანქანის მძღოლის დასახმარებლად მივიდნენ, რომელიც წყლით დაფარულ საკუთარ მანქანაში იყო გამომწყვდეული. მათ მამაკაციც უსაფრთხოდ გამოიყვანეს წყლის ტყვეობიდან.

„საშინელების 10 წუთი, – წერს ერთ-ერთი ქალი ფეისბუქში. – წარმოუდგენელი სიძლიერის ქარიშხალი, სეტყვა, დაახლოებით ჩოგბურთის ბურთის ზომისა. მარტო ვცხოვრობ და ძალიან შემეშინდა“.

„უძილო ღამე გვქონდა“, – განაცხადა მილანის მერმა ჯუზეპე (ბეპე) სალამ თავის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც უამინდობის შედეგები შეაჯამა.

„ბევრი რამე ვნახე ჩემი ცხოვრების 65 წლის განმავლობაში და ის, რასაც ახლა ვხედავთ, არანორმალურია, ვეღარ უარვყოფთ, კლიმატის ცვლილება ჩვენს ცხოვრებას ცვლის, – განაცხადა ქალაქის მერმა. – თვალს ვეღარ დავხუჭავთ, არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ; მილანმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი და ის ამას გააკეთებს“.

ძალზე ძლიერი შტორმი, რომელსაც თან ახლდა ელვა და ჭექა-ქუხილი, ქარის უეცარი მძლავრი გამოქროლებები, კოკისპირული წვიმა, დაარტყა თავს მილანს, ბრიანცის დიდ ნაწილს და ლომბარდიის ჩრდილოეთ რაიონებს 25 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე. უამინდობას ზოგიერთ რაიონში სეტყვაც ახლდა თან. წვიმა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ძლიერი იყო. მეხანძრე-მაშველების თქმით, უმძიმესი ვითარებაა მილანში, მთელ ქალაქში. უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობისგან შედის შეტყობინებები დახმარების თხოვნით, რამდენიმე საათის წინ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა ქარიშხლის გამო. დილის 4 საათის შემდეგ მოქალაქეებისგან სამაშველო სამსახურში 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა მაშველების ჩარევის თხოვნით, უმეტესად, ხეების დაცემის, დატბორვის, სახურავებისა და სახლების დაზიანების გამო.

ქარიშხლის შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტმა განკარგულება გასცა, დაეკეტათ ყველა შემოსაზღვრული და ღია პარკი, აგრეთვე, სივრცეები, სადაც ხეები იზრდება. დილიდანვე მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები –  წმენდენ ქუჩებს, ტროტუარებს, ამოწმებენ პარკებს, ჭრიან დაზიანებულ ხეებს და მოტეხილ ტოტებს, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ. საფრთხის შემცველი ადგილები შემოღობილია, რომ ტრაგიკული შემთხვევები თავიდან აიცილონ.

მიყენებული ზარალის გამო ლომბარდიის რეგიონმა ცენტრალურ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა. უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურის მრჩეველმა რომანო ლა რუსამ დღეს დილით განაცხადა, რომ ზარალი უკვე 100 მლნ ევროს შეადგენს და, სამწუხაროდ, კიდევ გაიზრდება.

მილანში მცხოვრები ჟურნალისტის, ლალი დავითულიანის თქმით, ამჟამად ქალაქი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს – ზოგი ვარჯიშობს, ზოგი ბაზრობაზეა საყიდლებზე, ზოგი ბარში ზის და ყავას მიირთმევს…. ქალაქში პანიკა და შეშფოთება არ შეიმჩნევა. ძირითადი ქუჩები გაწმენდილია, უკვე ჩვეულებრივად მოძრაობს ტრანსპორტი, მუნიციპალური სამსახურები შეუსვენებლად მუშაობენ ქალაქის მოსაწესრიგებლად და ჩვეული სახის აღსადგენად.

უახლოესი დღეების პროგნოზი კი დამაიმედებელი არ არის – მეტეოროლოგების თქმით, ისევ მოსალოდნელია ნალექი.

ნინო ხოშტარია

ასე გამოიყურება მილანი 2023 წლის 25 ივლისს – ლალი დავითულიანის ფოტოები

ლალის თქმით, აივანზე მისი ყვავილები ქარიშხალმა სულ გაანადგურა, მოპირდაპირე სახლის აივნებზე კი ყვავილები ისევ ისე ხასხასებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ლალის აივანზე კი ყვავილები ასეთ მდგომარეობაშია შტორმის შემდეგ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close