მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ლომი, რომელსაც ბერლინში ეძებდნენ, გარეული ტახი აღმოჩნდა

გასულ ხუთშაბათს, 20 ივლისს ბერლინის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ, სავარაუდოდ, ძუ ლომი თავისუფლად დასეირნობდა ბერლინის შემოგარენში. ამის საფუძველი გახდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნამდვილად ჩანს ლომის მსგავსი არსება. მოსახლეობას მოუწოდეს, რომ უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნებოდა, სახლში დარჩენილიყვნენ; განიხილებოდა საბავშვო ბაღების დახურვის საკითხიც.

თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ლომის კვალს ვერსად მიაგნო და ვიდეოზე აღბეჭდილი ცხოველის უფრო ყურადღებით ანალიზის შემდეგ ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხოველი, რომელიც ლომი ეგონათ, სინამდვილეში გარეული ტახი იყო, ძებნა შეწყდა და განგაშიც მოიხსნა.

გერმანიის დედაქალაქთან ახლოს ათასობით გარეული ტახი ბინადრობს. 2020 წელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჰპარავს გარეული ტახი შიშველ ადამიანს ლეპტოპს, ის კი ამ დროს ტბის სიახლოვეს მზეზე ირუჯება.

ადრე თუ მომხდარა საშიში ცხოველების გაქცევის შემთხვევები?

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, საშიში ცხოველები ქუჩაში გერმანიაში არც ისე იშვიათი შემთხვევაა. უმეტესად ეს ცხოველები ცირკის „მსახიობები“ არიან, რომლებიც პირდაპირ წარმოდგენების დროს გარბიან, რადგან მათი გალიის კარი დაუკეტავი რჩებათ.

მაგალითად, 2013 წელს მაინის ფრანკფურტში, გზის პირას 3-მეტრიანი ნიანგი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნიანგს ალი ერქვა და მან როგორღაც მოახერხა გაქცევა საცირკო შოუდან „რეპტილიების ქვეყანა“, რომელიც მისი პოვნის ადგილიდან ახლოს ატარებდა გასტროლებს. გაქცეული 3-მა საპატრულო ეკიპაჟმა და ცხოველების მწვრთნელებმა დაიჭირეს მანამ, სანამ მდინარე მაინში მიმალვას შეძლებდა, სადაც მისი პოვნა ძალიან გაჭირდებოდა.

2011 წელს ცირკ Humberto-დან 2 ლომი გაიქცა ქალაქ ნოირუპინში (ბრანდენბურგის ფედერალური მიწა) წარმოდგენის დროს. ერთი ლომი მალევე დაიჭირეს, მეორეს კი პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო.

მიმდინარე წლის იანვარში კი შიფვაილერის თემში (საარის ფედერალური მიწა) მრავალბინიანი სახლის მახლობლად რქოსანი გველგესლა აღმოაჩინეს, რომელიც შხამიანი გველების ოჯახს მიეკუთვნება. როგორც გაირკვა, სახლის ერთ-ერთი ბინის მფლობელი, რომელსაც ტერარიუმი ჰქონდა გველებით და ობობებით, დიდი ხნით წავიდა შვებულებაში. პოლიცია იძულებული გახდა, სახლში შესულიყო და ექსპერტთან ერთად გულდაგულ დაეთვალიერებინა. ბინის შხამიანი მცხოვრებლები, რომელთა ნაწილიც თავისუფლად დაცოცავდა შენობაში, ზოოპარკში გადაიყვანეს.

2019 წელს კი ქალქ ჰერნეში (ფედერალური მიწა ჩრდ. რაინ-ვესტფალია) კერძო ტერარიუმიდან გაქცეული კობრის გამო მთელი კვარტლის მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი სახლების სარდაფები ერთმანეთს უკავშირდებოდა და ამიტომ შეიძლებოდა კობრა ნებისმიერ ადგილას აღმოჩენილიყო. გაირკვა, რომ გაქცეული კობრა ეკუთვნოდა მრავალბინიანი სახლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელსაც სახლის პირობებში 20 შხამიანი ქვეწარმავალი ჰყავდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close