მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

უკვე მეოთხე მოქმედი ევროპარლამენტარი გაეხვია „კატარგეიტის“ სკანდალში

„კატარგეიტის“ გამოძიება, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიწყო,  გრძელდება. პოლიციამ ამჯერად ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, მარია არენას სახლი გაჩხრიკა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, არენას სახლის ჩხრეკა ბრიუსელში ჩატარებული ექვსი ჩხრეკის ნაწილი იყო, მათ შორის რამდენიმე ადგილთან ევროპარლამენტარს ან მის ოჯახს პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს.

„ამოღებულია დოკუმენტები და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობა, რომელსაც ანალიზი ჩაუტარდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მარია არენა მეოთხე მოქმედი ევროპარლამენტარია, რომელიც „კატარგეიტის“ სკანდალში ფიგურირებს. მანამდე ევა კაილის, მარკ ტარაბელასა და ანდრეა კოცოლინოს წაუყენეს ბრალი. „კატარგეიტის“ საკვანძო ფიგურანტმა, ევროპარლამენტის ყოფილმა იტალიელმა დეპუტატმა  პიერ ანტონიო პანცერიმ სასჯელის შემცირების სანაცვლოდ მიმდინარე წლის 17 იანვარს ხელი მოაწერა შეთანხმებას ბელგიის ხელისუფლებასთან, სადაც აღიარა თავისი თანამონაწილეობა ქრთამის აღებაში და პირობა დადო, რომ გახსნის „მნიშვნელოვან ინფორმაციას“ საქმეზე, რომელმაც „კატარგეიტის“ სახელწოდება მიიღო.  დანარჩენი ევროპარლამენტარები თავს უდანაშაულოდ ცნობენ, მათ შორის, მარია არენაც უარყოფს ყოველგვარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

„კატარგეიტის“ სკანდალი ევროპარლამენტში გასული წლის დეკემბერში აგორდა. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში კატარის და მაროკოს (კოცოლინოს შემთხვევაში) სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ. თავის მხრივ, კატარი და მაროკო მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close