ჯანმრთელობაიტალიასაბერძნეთი

იტალიაში უკვე +47 გრადუსია, საბერძნეთში +48 გრადუსს ელიან – რა გავლენას ახდენს ანომალიური სიცხე ადამიანის ორგანიზმზე?

იტალიის 20-მდე ქალაქი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაწილი და მონტენეგრო – ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში განგაშის წითელ დონეს აცხადებს.

ანომალიურ სიცხესთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირს იტალიას, სადაც ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 47 გრადუსს მიაღწია. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ხელისუფლებამ იტალიის ქალაქებში სპეციალური დახმარების ცენტრები გახსნა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს. ამჟამად ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ხოლო მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 45 გრადუსამდე მოიმატებს, მეტეოროლოგი დიმიტრის პაპაიოანუ ხუთშაბათს, 27 ივლისს 48 გრადუსს პროგნოზირებს.

ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა. მედიის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლების, მათ შორის, აგიოს სოსტისის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ექსტრემალური სიცხის გამო იცვლება ტურისტული რუკაც, დამსვენებლები ევროპის პოპულარულ კურორტებზე ჯავშნებს მასობრივად აუქმებენ და კონტინენტის შედარებით გრილ ქვეყნებში ცდილობენ გამგზავრებას.

საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის, აკროპოლისი, დაიხურება ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან 17:30 საათამდე.

ანომალიური სიცხე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებზეც. არიზონის შტატში ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს, ჩინეთში კი-  52-ს.

რა გავლენას ახდენს ანომალიური სიცხე ადამიანის ორგანიზმზე?

ჯანდაცვის ორგანიზაციები რეკომენდაციას აძლევენ მოსახლეობას და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ურჩევენ, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და მეტხანს დარჩნენ კონდიცირებულ ოთახში.

დაიცავით რეკომენდაციები – მაღალი ტემპერატურა იწვევს არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ, ასევე, აზიანებს ორგანიზმს და უკიდურეს შემთხვევებში შესაძლოა გულის შეტევის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

სიცხეში ძალიან რთული ხდება ფიქრი და აზროვნება. კვლევების მიხედვით, მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გონებრივ შესაძლებლობებზეც იმოქმედოს.

ბევრი ადამიანის თქმით, მაღალ ტემპერატურასა და სიცხეს მათში გაღიზიანება გამოიწვია, რაც პირდაპირ მაჩვენებელია იმის, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს ძლიერი სიცხე ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ საკითხზე ნიუ-იორკში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, იმ დღეებში, როდესაც მაღალი ტემპერატურა  ფიქსირდებოდა, ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით ბევრად უფრო მეტი ზარი დაფიქსირდა სასწრაფო დახმარების დაწესებულებებში, რომლებიც ეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებულად მოხმარებას, შფოთვით აშლილობებს, შიზოფრენიას და დემენციას. ერთ-ერთმა კვლევამ დაამტკიცა ისიც, რომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო იზრდება სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა.

მზისგან დამწვრობას ულტრაიისფერ სხივებთან გადაჭარბებული კონტაქტი იწვევს. რაც უფრო ხშირად ხდება ადამიანი მზის დამწვრობის მსხვერპლი, მით უფრო იზრდება კანის კიბოს რისკი. ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია, აგრეთვე, ადამიანს კანის დნმ დააზიანოს. დნმ კანის უჯრედებს გადასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იფუნქციონირონ. ყოველი დამწვრობის შემდეგ დნმ უფრო და უფრო ზიანდება, სათანადო ინფორმაციას ვეღარ აწვდის უჯრედებს, შედეგად უჯრედები უკონტროლოდ ფუნქციონირებენ, რაც შემდგომში კანის კიბოს გამომწვევი მიზეზი ხდება.

კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ სიცხის ტალღები უფრო ინტენსიური, უფრო ხშირი და უფრო ხანგრძლივი ხდება კლიმატის ცვლილების გამო. გვალვასთან ერთად ეს ხელს უშლის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლას. მეცნიერები შიშობენ, რომ კლიმატის დათბობის გამო ამინდი უფრო ექსტრემალური გახდება, ტყის ხანძრები კი – უფრო ხშირი და დამანგრეველი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close