მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პოლიცია ბერლინში ძუ ლომს ეძებს

ბერლინის სამხრეთ შემოგარენის მაცხოვრებლებმა ხუთშაბათ დილით, 20 ივლისს, პოლიციისგან უჩვეულო გაფრთხილება მიიღეს – საშიში გარეული მტაცებელი ცხოველი თავისუფლად დასეირნობს! სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, არ გაუშვან გარეთ შინაური ცხოველები, ხოლო ბრანდენბურგის ფედერალური მიწის კლაინმახნოვის, ტეტლოვისა და შტანსდორფის თემებში მცხოვრებ ადამიანებს ურჩევენ, თუ ეს შესაძლებელია, არ გამოვიდნენ საკუთარი სახლებიდან, სანამ პოლიცია მტაცებელს არ იპოვის.

მოგვიანებით პოლიციამ განმარტა, რომ ეს გაფრთხილება ძუ ლომის გამო გაკეთდა, რომელიც 2-მა თვითმხილველმა შენიშნა ბერლინსა და პოტსდამს შორის შუაღამისას (თბილისის დროით 02:00 სთ-ზე). მათ სამართალდამცავებს უთხრეს, რომ ლომი გარეულ ღორს მისდევდა კლაინმახნოვისა და ტეტლოვის მიდამოებში. მათ ეს ინციდენტი ვიდეოზეც გადაიღეს და ექსპერტებმა, რომლებმაც ჩანაწერი შეისწავლეს, დაადასტურეს, რომ  დიდი კატების ქვეოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვართან ექნებათ საქმე.

ჯერჯერობით უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინის შემოგარენში ლომი, რადგანაც ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ.

ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის ცნობით, ცდილობენ, გაარკვიონ, საიდან აღმოჩნდა ლომი გერმანიის დედაქალაქში.

ლომის ძებნის ოპერაციაში 2 ვერტმფრენი ჩართეს, თუმცა საშიში მტაცებლის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს.

ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ:

„წყნარად იდექით, გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, უსაფრთხო ზონა  იპოვოთ – მანქანა ან შენობა“.

ლომს როდესაც იპოვიან, ტრანკვილიზატორით დააძინებენ და თავშესაფარში გადაიყვანენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close