ვიდეომედიცინა

თურმე ტვინს ნარჩენების მოსუფთავების „სერვისიც“ ჰქონია – როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან (ვიდეო)

ცნობილია, რომ ჩვენს თავის ტვინს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა აქვს, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.

„ტვინზე ჩაქუჩის დარტყმისა და ათასობით უჯრედის დახოცვის ნაცვლად ერთი უჯრედის სიკვდილის სტიმულირება მოვახდინეთ, რისი საშუალებითაც შევისწავლეთ, რა ხდება, როცა უჯრედი სიკვდილს იწყებს და ვნახეთ, როგორ არის ამ პროცესში ჩართული სხვა მრავალი უჯრედი“, –  ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგი ხაიმე გრუცენდლერი.

მისივე თქმით, ამის გაკეთება აქამდე შესაძლებელი არ იყო, მაგრამ ამჯერად ეს პროცესი დიდი სიზუსტით იხილეს.

აღმოჩნდა, რომ მკვდარი უჯრედის მოშორების პროცესი კარგად კოორდინირებულია და ამ პროცესში გლიური უჯრედების სამი ტიპია ჩართული. მკვლევრები დააკვირდნენ, რომ ერთმა-ერთმა ტიპმა ნეირონის სხეული და მისი მთავარი განშტოებები შთანთქა, მეორე ტიპმა პატარა შემაერთებელი განშტოებები მოსპო,  მესამე ტიპის უჯრედებმა კი მკვდარი უჯრედის ნარჩენების გავრცელება არ დაუშვეს.

მკვლევრებმა ასევე აჩვენეს, რომ თუკი გლიური უჯრედების ერთ ტიპს რაიმე მიზეზით გაეპარება მკვდარი ნეირონი, მოსუფთავების პროცესში სხვა ტიპები ერთვებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გლიურ უჯრედებს შორის რაღაც სახის კომუნიკაცია მიმდინარეობს.

კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ მკვდარი ნერვული უჯრედების მოსუფთავებაში ნაკლებად ეფექტიანი იყო ასაკოვანი თაგვების ტვინი, მიუხედავად იმისა, რომ მომსუფთავებელმა უჯრედებმა იცოდნენ იქ არსებული მკვდარი უჯრედების შესახებ.

ახალი კვლევა შეიძლება წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.

სამაგიეროდ დადასტურებულია, რომ ყოველ ღამით ჩვენი თავის ტვინი ირეცხება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

როგორც უახლესი კვლევა აჩვენებს, როცა გვძინავს, ზურგის ტვინის  სითხის ტალღები ჩვენს თავის ტვინში შემოდის, რიტმულად პულსირებს და იმ ტოქსინებისგან ასუფთავებს, რომლებიც ჩვენს თავში არ უნდა იყოს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს აღმოჩენა დიდად დაეხმარება მეცნიერებს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფსიქოლოგიურ აშლილობათა, განსაკუთრებით კი ძილის აშლილობასთან დაკავშირებული დარღვევების კვლევაში.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close