საზოგადოებასაქართველო

„ჩემისთანა ვარსკვლავური ბავშვობის შემდეგ დიდი შანსი იყო, დავღუპულიყავი“ – რას ჰყვება ირმა სოხაძე, რომელიც 4 წლის ასაკში უკვე სცენაზე იდგა და 10 წლისამ კი პარიზის ცნობილ საკონცერტო დარბაზ „ოლიმპიაში“ იმღერა

„ჩემს მშობლებს აღზრდის სწორი მეთოდი რომ არ დაეჭირათ, მერე ძალიან გამიჭირდებოდა“

საბჭოთა კავშირის დროს თუ ვინმეს ვარსკვლავური ბავშვობა ჰქონდა, ეს ირმა სოხაძე იყო – 4 წლისა უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდიში მღეროდა, ხოლო 8 წლისა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი იყო.

ის ძალიან პატარა ასაკიდან შეიყვარა მსმენელმა და ყველას განებივრებული ბავშვი ეგონა, თუმცა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, არ იცოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ბავშვი იყო, დედა არ აქებდა… და მადლობას უხდის მშობლებს, რომ არ გაზარდეს, როგორც განებივრებული ვარსკვლავი ბავშვი.

„არ ვიცი, ამას ინტუიცია დავარქვა თუ ჩემი მშობლები დიდი პედაგოგები იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან სწორად გამზარდეს. ჩემისთანა ვარსკვლავური ბავშვობის შემდეგ დიდი შანსი იყო, დავღუპულიყავი და ვერ შევმდგარიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, ძალიან ძნელია ამის მიღწევა. მარტო საბჭოთა კავშირში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც ძალიან ხშირად მქონდა კონცერტი. ათი წლის ასაკში „ოლიმპიის“ სცენაზე, პარიზში ვმღეროდი, სადაც ბევრ დიდ მომღერალს არ უმღერია. არატიპური ბავშვობა მქონდა, მით უმეტეს, საბჭოთა ეპოქაში. მინისტრთა კაბინეტის დონეზე აღიარებული ბავშვი ვიყავი. აქედან გამომდინარე, ჩემს მშობლებს აღზრდის სწორი მეთოდი რომ არ დაეჭირათ, მერე ძალიან გამიჭირდებოდა. მე არ ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ბავშვი ვიყავი. დედა არასდროს მაქებდა. ყოველთვის ძალიან ზომიერი იყო. „კი, დედიკო, კარგი კონცერტი იყო, მაგრამ ხომ იცი, ხვალ სკოლაში მიდიხარ და გაკვეთილები უნდა ისწავლო“. არ შეიძლებოდა, სკოლაში ისე წავსულიყავი, რომ გაკვეთილი არ მესწავლა. ყველა საგანში ხუთიანი მყავდა და სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე, რაც მაშინ ადვილი არ იყო. მერე, გარდატეხის პერიოდში, ცუდი ჭორების გარდა, დაიწყეს ლაპარაკი: ვაიმე, ვეღარ მღერის, ხმა გაუფუჭდა. სინამდვილეში ხმა კი არ გამიფუჭდა, რეპერტუარი არ მქონდა, ცუდი მანერით ვმღეროდი, აღარც ბავშვი ვიყავი და მაგრამ არც დიდი. იმ პერიოდის ჩანაწერებს თვითონაც ვერ ვიტან. ეს ყველაფერი რომ მესმოდა, ცოტა კი მწყინდა, მაგრამ ეს ჩემთვის ქვეყნის დასასრულის ტოლფასი არ იყო. არ მიფიქრია, მე ვარსკვლავი ვარ და როგორ მიბედავენ-მეთქი, ძალიან ჯანსაღად მივიღე, რომ რაღაც ისე კარგად აღარ იყო და მთლიანად სწავლაში გადავეშვი. შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, მანამდე შევხვდი რეზოს, დაიწყო კვარტეტ „თბილისის“ პერიოდი, ისევ დავიწყე კარგად სიმღერა, კარგი რეპერტუარი შევადგინეთ, მერე მეც დავიწყე წერა და გამოვძვერი ამ კრიზისიდან. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომ არ გამზარდეს, როგორც განებივრებული ვარსკვლავი ბავშვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

ირმა სოხაძემ, ყველაფერთან ერთდ, არაჩვეულებრივი ოჯახიც შექმნა (მეუღლე რეზო ასათიანი) და ორი შესანიშნავი შვილი გაზარდა – სალომე და ნატა ასათიანები.

ამ რამდენიმე დღის წინ ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში ძველი სიმღერა გააზიარა, სადაც 9 წლისაა და „რეროსთან” ერთად „ბოლეროს” ასრულებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close