newsსაზოგადოება

ჯორჯ სოროსის 37 წლის ვაჟი და მემკვიდრე, მათ შორის, „შეთქმულების თეორიების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის ამპლუაში

ლეგენდარული ინვესტორის, ჯორჯ სოროსის 37 წლის ვაჟმა ალექსანდრ სოროსმა მამის იმპერიის მართვის სადავეები გადაიბარა. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც 180-გრადუსიანი შემობრუნება პლეიბოის იმიჯისგან, რომელიც მას მიაწერეს.

Wall Street Journal-ის ცნობით, ალექსანდრე უკვე შედის სოროსის ფონდის მენეჯმენტის (Soros Fund Managemen) დირექტორთა საბჭოში და საინვესტიციო კომიტეტში, რომლის აქტივები 25 მილიარდ დოლარამდეა.

ალექსანდრე, შემოკლებით ალექსი, როგორც უფრო ხშირად უწოდებენ, ამჟამად ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSF) ხელმძღვანელია, სადაც იგი აპირებს გააგრძელოს იმ აქტივობების და იდეების მხარდაჭერა, რომლებსაც მამამისი იცავდა, როგორიცაა: საარჩევნო ხმის უფლება, ქალთა რეპროდუქციული უფლებები, აბორტის უფლება და სხვა.

სიმართლე რომ ვთქვათ, მილიარდერი ინვესტორის გადაწყვეტილებამ, 25 მილიარდი დოლარის იმპერიის მემკვიდრედ თავისი ვაჟი – ალექსი აერჩია, ბევრი გააკვირვა, მაგრამ 92 წლის მეწარმემ Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ალექსი „ამას იმსახურებს“.

ალექსი სოროსის უფროსი ვაჟია, რომელიც მას მეორე ცოლისგან, ისტორიკოს სუზან ვებერისგან შეეძინა. იგი ყოველთვის როდი იყო მამის იმპერიის მემკვიდრეობის პირველი კანდიდატი, მაგრამ მაინც მოახერხა მაგნატ ჯონათან სოროსის, საკუთარი 52 წლის ნახევარძმის ნდობის მოპოვება, რომელმაც წარუმატებლობა განიცადა საინვესტიციო ფირმაში არსებული პრობლემების გამო.

თავად ალექსმა დაადასტურა „უოლ სტრიტ ჯორნალის“  ცნობა სოციალურ ქსელებში ისეთი მაღალი რანგის ადამიანების ფოტოების გამოქვეყნებით, როგორებიც არიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

ალექსანდრ სოროსი, როგორც ცნობილია, მრავალი წელია ცდილობს, იმიჯი შეიცვალოს. 2008 წელს იგი გაზეთების სათაურებში მოხვდა თავისი გამოხდომებით ცნობილ წვეულებებზე. ფოტოზე ალექსი უმსგავსი სახით წარმოჩინდება: სვამს, მოგზაურობს და საეჭვო რეპუტაციის მქონე მოდელ გოგონებს შორისაა. მოგვიანებით მან ინტერვიუში თქვა, რომ წვეულებაზე გადაღებულმა მისმა ფოტომ შოკში ჩააგდო და განაცხადა, რომ მედიამ იგი „კარიკატურულად წარმოაჩინა“.

ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა „თავი ხელში აიყვანა“  და საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო, 2011 წელს კი „ღია საზოგადოების“ ფონდის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, რამაც იგი მამასთან დააახლოვა. თუმცა ზოგჯერ მაინც ჩნდებოდა ცნობები მისი წვეულებებში მონაწილეობისა და მფლანგველური ცხოვრების წესის შესახებ. პარალელურად ალექსი სადოქტორო დისერტაციას წერდა კალიფორნიის უნივერსიტეტში და ინტელექტუალურ მხარესაც წარმოაჩენდა.

ალექსმა დღეს ჯორჯ სოროსს თავისი ფასი დაუმტკიცა. ამასთან, როგორც მემკვიდრემ, მან „მამის რეპუტაცია“ „დაიტეხა“ თავზე და, სავარაუდოდ, მალე „მითქმა-მოთქმის ობიექტიც“ და ყველაზე წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიების მთავარი გმირიც გახდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close