ვიდეოკინო/ფილმები

ნიუ-იორკში NETFLIX-ის გახმაურებული ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ (ვიდეო)

2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის, Extraction 2-ის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკში 13 ივნისს გაიმართა. მასში მთავარ როლებში რამდენიმე ქართველი მსახიობი მონაწილეობს: თინათინ დალაქიშვილი (ქეთევანი), თორნიკე გოგრიჭიანი (ზურაბი), დათო ბახტაძე (ავთანდილი), თორნიკე ბზიავა (დავით რადიანი), თაკო ტაბატაძე (მარიამ რადიანი), აგრეთვე, ქართველ ჰალკად წოდებული მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი (ვახტანგი). მეორეხარისხოვან როლებში კიდევ რამდენიმე ქართველი მსახიობია მიწვეული, მათ შორის, ლაშა ოყრეშიძე (George Lasha-ს ფსევდონიმით). მათი გმირების სახელების მიხედვით ცხადი ხდება, რომ ისინი ქართველებს განასახიერებენ.

„ბანგლადეშში სასწაულებრივად გადარჩენილი ტაილერ რეიკი ბრუნდება და თავის გუნდთან ერთად ახალი მისიის შესრულებას კისრულობს. მისი დავალებაა, ქართველი განგსტერის ხელიდან დაიხსნას ოჯახი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეშია დატყვევებული. რეიკი დავალებას თავს ართმევს, შეტაკებისას განგსტერი იღუპება. დაღუპული განგსტერის ძმა დაქირავებულ ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს“, – წერია IMDB-ის აღწერილობაში.

მთავარი გმირის, ტაილერ რეიკის როლს, ისევე როგორც პირველ ფილმში (Extraction), ამჯერადაც კრის ჰემსუორტი ასრულებს.

რეჟისორ სემ ჰარგრეივის მხატვრული ფილმის სცენარს საფუძვლად უდევს ენდი პარკსის გრაფიკული რომანი „Ciudad“.

პირველი ფილმი – Extraction 2020 წელს გამოვიდა და ყველაზე მეტმა – 99 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რითაც „ნეტფლიქსის“ რეკორდსმენი ორიგინალური ნამუშევარი გახდა.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი ფეისბუქზე აქვეყნებს ინფორმაციას „დახსნა 2“-ის პრემიერაზე და  თორნიკე გოგრიჭიანს, ახალი თეატრის მსახიობს, წარმატებას ულოცავს:

„ახალი თეატრი ვულოცავთ ჩვენს არტისტს, თორნიკე გოგრიჭიანს „დახსნა 2”- ის პრემიერას ნიუ-იორკში, კიდევ მრავალ წარმატებულ თანამშრომლობას გისურვებთ არა მხოლოდ „ნეტფლიქსთან“, არამედ სხვა მრავალ ამერიკულ და ევროპულ კინოკომპანიებთან.
მალე დაგვიბრუნდი ქართულ თეატრსა და კინოში“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close