კინო/ფილმებიარტისტი

ერთ დღეს დაბადებული და დაღუპული ვარსკვლავი

14 ივნისი ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების დღეა. 1904 წელს ვარშავაში დაბადებული მსახიობი 1953 წელს საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა , მოსკოვიდან თბილისში მგზავრობის დროს. „ნატო იყო სილამაზე საქართველოსი, ყველაზე ფერადოვანი ყვავილი, რომელიც ჩვენს ეპოქაში ჩვენმა მიწამ შობა“, – წერდნენ მაშინ მასზე.

თვითმფრინავმა, რომლითაც მსახიობი მგზავრობდა სამეგრელოს ტერიტორიაზე, სოფელ ობუჯთან განიცადა კატასტროფა.

ნატო ვაჩნაძის დაღუპვის ცნობამ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. არ დარჩა გამოცემა – ჟურნალი ან გაზეთი, რომელმაც მსახიობის ნეკროლოგი არ გამოაქვეყნა. მწარედ დაიტირეს კინოვარსკვლავი ქართველმა პოეტებმა.

„ცაში დაიწვა ვაჩნაძის ეშხი,
და ფრინველების შეწყდა გალობა…
შუქურ-ვარსკვლავო, ცის ვარსკვლავებში
დაგიწყებს ძებნას შთამომავლობა…
…არ დაიჯეროთ – გულს ხომ არ სჯერა, –
ის თვითმფრინავი აგერ მოფრინავს,
მოულოდნელი ხანძრის გაჩენა
კინოსურათის კადრი ყოფილა…“ (ოთარ კუპრავა)

ნატო ვაჩნაძის მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი ვარშავაში დისლოცირებულ რუსულ პოლკში მსახურობდა. ვარშავაშივე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ეკატერინე სლივიცკაია, თუმცა გიორგი ანდრონიკაშვილი მალევე გადმოიყვანეს თერგის ოლქის უფროსად, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს აბრაგ ზელიმხანის ტყვიამ იმსხვერპლა.

1922 წელს ნატა ანდრონიკაშვილმა მერაბ ვაჩნაძეზე იქორწინა. დაახლოებით ამ დროიდან იწყება ნატო ვაჩნაძის კინოკარიერაც. მომავალი მსახიობი შემთხვევით აღმოაჩინა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა, რომელმაც ნატოს ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზე, შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში ნახა, თუმცა მსახიობის პირველ როლად ითვლება „ნენო“ ალექსანდ ბარსკის „არსენა ყაჩაღში“, ბეკ-ნაზაროვმა კი, იმავე 1923 წელს, „მამის მკვლელში“ გადაიღო.

ნატო ვაჩნაძეს სამსახიობო პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა როგორც კინოკრიტიკოსი კორა წერეთელი წერდა, ჰქონდა ბუნებრივი ნიჭი და არაჩვეულებრივი გარეგნობა:

„მისი ფერმკთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ – გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება“.

1922 წლიდან, ვიდრე დაღუპვამდე, ნატო ვაჩნაძემ 30-მდე ფილმში ითამაშა მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი. გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, ხოლო მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდეს კინოსტუდიად აქცია.

ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეულის ნაწილები მისმა დამ, კირა ანდრონიკაშვილმა ამოიცნო საგვა­რე­უ­ლო ბეჭდით.

მისი ჰაერში დაღუპვა სიმბოლურად მიიჩნიეს და ლექსადაც გამოუთქვეს, შენ სილამაზის ვარსკვლავი იყავ და ვარსკვლავივით ცაში დაიწვიო.

საყვარელი მსახიობი მთელმა საქართველომ დაიტირა, ათასობით თაყვანისმცემელმა კი დიდუბის პანთეონამდე მიაცილა.

ნატო ვაჩნაძეზე დაწერილ მოგონებაში ვერიკო ანჯაფარიძე იხსენებს შთაბეჭდილებას, რომელსაც წმინდა პეტრეს ტაძარში მიქელანჯელოს შედევრის, მარიამის მკლავებზე დასვენებული ქრისტეს ქანდაკების ხილვა ქმნის და ამ შთაბეჭდილებას ნატო ვაჩნაძის დაკრძალვის დღეს მიღებულ ემოციას ადარებს:

„ასევე თვალწინ მიდგას ნატოს სახე, ასეთივე შთამბეჭდავი იყო მისი უკანასკნელი სვლა… მზიანი დღე, თბილისის ამწვანებული ქუჩები და ზღვა ხალხით გარშემორტყმული, შავ სამოსში გახვეული ნატო! მხოლოდ ერთი თეთრი ვარდი თრთოდა შავ ხავედრზე, თრთოდა და თითქოს უკანასკნელ სალამს აძლევდა ხალხს, რომელსაც აგრე რიგად უყვარდა ნატო ვაჩნაძე“.

ჯიმშერ რეხვიაშვილი

radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: ნატო ვაჩნაძის ბრწყინვალება და დაფერფლილი სიცოცხლე

ნატო ვაჩნაძის ბრწყინვალება და დაფერფლილი სიცოცხლე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close