ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს (ვიდეო)

იტალიური კლუბის, „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) ჯილდო გადასცეს.

ცერემონია ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრის შემდეგ გაიმართა, – სერია  A-ს 2022-2023 წწ. სეზონის ბოლო შეხვედრა „ნაპოლიმ“ მოგებით დაასრულა (2:0), თუმცა მისი ჩემპიონობა ზუსტად ერთი თვის წინ, 5 ტურით ადრე უკვე გარკვეული იყო, „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ. 38 მატჩში „ნაპოლიმ“ 90 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასული „ლაციო“ მთელი 16 წულით ჩამოიტოვა. მესამე ადგილზე „ინტერი“ გავიდა 72 ქულით.

„დინამო“ ბათუმიდან ნეაპოლში 2022 წლის ივლისში გადაბარგებულმა კვარაცხელიამ მოკლე ხანში შეძლო არა მხოლოდ იტალიის, არამედ მთელი ევროპის ყურადღების მიპყრობა. ხვიჩამ, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონა“ შეარქვეს, სერია A-ში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა და სეზონის საუკეთესო ასისტიც გახდა. რაც მთავარია, ქართველმა ლეგიონერმა უდიდესი წვლილი შეიტანა „ნაპოლი“ს წარმატებაში, რომელმაც სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა (პირველი 2 სკუდეტო მან გუნდში ლეგენდარული მარადონას ყოფნისას მოიგო).

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას საინტერესოდ გამოეხმაურა Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი ალბერტო პოლვეროზი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი ახლო მომავალში ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს და „ოქროს ბურთსაც“…

ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 26 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. მანამდე ერთ სეზონზე ოსიმენის ანგარიშზე მაქსიმუმ14 გოლი იყო და ამ 25 გოლში დიდია ქართველის დამსახურება – სწორედ ხვიჩას მიერ დიდი სიზუსტით „დახატული“ საგოლე გადაცემების შემდეგ გაიტანა ოსიმენმა არაერთხელ. ამიტომ უწოდეს ქართველს კიდევ ერთი მეტსახელი – კვარავაჯო (კვარა+კარავაჯო).

იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველი კიდევ ერთი „ნაპოლელი“ – კიმ მინ ჯე გახდა.

ლუჩანო სპალეტი კი, რომლის ხელმძღვანელობითაც „ნაპოლიმ“ 33 წლის შემდეგ  სკუდეტო პირველად მოიპოვა (კარიერაში კი – მესამედ), საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. სამწუხაროდ, იმ სამ გუნდს შორის, რომელიც სერია A-დან გავარდა და იტალიური ფეხბურთის ელიტას, სულ ცოტა, ერთი წლით დაემშვიდობა, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეცაა“, რომელმაც 27 ქულით ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა და „ვერონასა“ და „სამპდორიასთან“ ერთად სერია B-ში გადაინაცვლა.

ლუკამ მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა (24 – სერია A-ში, 2 – იტალიის თასზე), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“, სადაც გასულ ზაფხულს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ გადავიდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close