მიგრაციამოგზაურობა

ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირი აპირებს, უვიზო რეჟიმით მოსარგებლე არაწევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი გაამკაცროს.

კერძოდ, ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად იწყებს კონსულტაციებს, რათა განსაზღვროს, როგორ უნდა გააუმჯობესოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სავიზო რეგულაციების მერვე მუხლშია გაწერილი. მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება არალეგალური მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდის ან ევროკავშირის უსაფრთხოების რისკების მატების შემთხვევაში.

როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრი და მესამე ქვეყნებისთვის, თუმცა, ამავე დროს, შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნას უსაფრთხოებისა და მიგრაციის კუთხით.

კერძოდ, რისკები დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან, გადასახადებისგან თავის არიდებასა და კორუფციასთან.

ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს  საქართველოდან მთლიანობაში 28 385-მა ადამიანმა მიმართა.

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ, გაწეული ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად  საკუთარ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის უფლებებისა და მოვალეობის შესახებ აცნობა. კონკრეტულად, საქართველომ სათანადოდ ჩაატარა გამგზავრებისას სასაზღვრო შემოწმება, ასევე, ცნობიერების ამაღლების კამპანიები უვიზო რეჟიმის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი რაოდენობის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად, აგრეთვე, გაძლიერდა თანამშრომლობა „ევროპოლთან“ და ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close