იტალია

ძლიერი წყალდიდობა ჩრდილოეთ იტალიაში – მსხვერპლთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც (ვიდეო)

კოკისპირული წვიმების გამო ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წყალდიდობაა. სულ ცოტა, 9 ადამიანი დაიღუპა, არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ ემილია-რომანიის რეგიონის პრეზიდენტმა სტეფანო ბონაჩინიმ Tg La7-ის ეთერში განაცხადა. რამდენიმე ათას ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადასვლა მოუწია.

ყველაზე მეტად სწორედ ემილია-რომანიის რეგიონი დაზარალდა, აქ მდებარეობს ქალაქები – ბოლონია და მოდენა. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ნელო მუზუმეჩის თქმით, ზოგიერთ რაიონში ნახევარი წლის ნალექი 36 საათში მოვიდა, 2-ჯერ მეტი, ვიდრე, ჩვეულებრივ, მაისში მოდის ხოლმე. რიმინისა და ბოლონიას შორის არსებული 21-ვე მდინარე კალაპოტიდან გადავიდა. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ ძლიერი წვიმა შეიძლება უახლოეს დღეებში ისევ განმეორდეს.

როგორც „ანსა“ წერს, ზოგიერთ რაიონებში წყალმა წუთებში მოიმატა და სახლების პირველ სართულებს მიაღწია. ადამიანები, უმეტესად, დაიღუპნენ იმის გამო, რომ წყლის ხაფანგში აღმოჩნდნენ სახლების დაბალ სართულსა თუ საკუთარ ავტომობილებში.

სამაშველო ოპერაციას განსაკუთრებით აძნელებდა მუდმივი პრობლემები ელექტროენერგიით მომარაგებასა და სატელეფონო კავშირში.

მატარებლები არ დადიან, ავტომაგისტრალები დაკეტილია, ბევრი გზა გადაკეტილია და ჩრდილოეთ იტალიის დიდი ტერიტორია მოწყვეტილია ქვეყნის სხვა ნაწილებს. რამდენიმე დღით გამოცხადდა საფრთხის უმაღლესი – წითელი დონე.

წვიმები ძლიერ გვალვას მოჰყვა, რამაც, ექსპერტების აზრით, მისი დამანგრეველი ეფექტი გააძლიერა, რადგან გამხმარმა ნიადაგმა წყალი დროულად ვერ შეიწოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close