კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა – 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, 23 წლის ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ურთულესი მეტოქე – ბელგიელი მატიას კასე დამაჯერებლად, ვაზარით დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის ტიტულის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ ტატომ შარშანაც მატიას კასეს მოუგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ოქროს მედალს დაეუფლა. 2021 წელს კი ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე მათ ფინალურ ორთაბრძოლაში გამარჯვება კასეს დარჩა. 2020 წელსაც, ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელმა სძლია ქართველ მეტოქეს. ასე რომ, დღეს ტატომ მეორე რევანში აიღო.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს, ოქრო და ბრინჯაო, რომელიც ტურნირის პირველ დღეს, 7 მაისს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოიპოვა. მეორე და მესამე დღეები კი ჩვენმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაასრულეს.
ქართველები კიდევ 3 წონაში იჭიდავებენ – 11 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად ლაშა ბექაური (90 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გამოვლენ.
12 მაისს 100 კგ წონით კატეგორიაშიც ორ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ – საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი დაიცავენ.
13 მაისს კი საქართველოს ნაკრების სახელით ტატამიზე გურამ თუშიშვილი ( +100 კგ) გამოვა.
+78 კგ წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილი შეეცდება მედლის მოპოვებას.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, 14 მაისს შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ ტატო გრიგალაშვილის და მატიას კასეს ფინალური შეხვედრის საუკეთესო მომენტები:
ასე მივიდა ტატო გრიგალაშვილი მეორედ მსოფლიო ჩემპიონობამდე:
კომენტარები