ქართველები უცხოეთში

„რეკორდის“ გმირივით გაბრაზდა და თავი ამერიკაში გადაისროლა – ჟურნალისტი და მწერალი ნანა აკობიძე ემიგრანტი მეგობრის წარმატებაზე წერს

„ეს ტექსტი კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება, თუმცა ასევე ვუძღვნი ყველა ქალს 40-ს ზემოთ, ვისაც ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დასრულდა...“

ჟურნალისტი და მწერალი, ჟურნალ „სახე(ლ)ების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნანა აკობიძე ერთი ქართველი ქალის, მაია დვალაძის ცოცხალი მაგალითით ყველა იმედგაცრუებულ ქალს მოტივაციას და იმედს აძლევს, რომ მათ ცხოვრებაშიც გამოიდარებს, თუ არ დანებდებიან… ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მის პატარა ნარკვევს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ტექსტი კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება, თუმცა ასევე ვუძღვნი ყველა ქალს 40-ს ზემოთ, ვისაც ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დასრულდა. გაბრაზებულ, დაღლილ, იმედგაცრუებულ ქალებს ვუძღვნი, რაღაც რომ არ გამოუვიდათ, რაღაცაში რომ გაიჭედნენ, კედელთან რომ მიემწყვდნენ და დანებება დააპირეს… უფრო სწორად, მე კი არ ვუძღვნი, ვისზეც ვწერ, მისი ისტორია თავისთავად არის მიძღვნა სხვა ქალებისადმი, როგორც მოტივაცია და ცოცხალი მაგალითი.

ქალი, რომელზეც ვწერ, რაჭველია, მაია დვალაძე. მის ცხოვრებაში დაახლოებით ფილმ „რეკორდის“ ეპიზოდი: „შემაგინოს და ვესვრი“ – გათამაშდა. ამ შემთხვევაში „შემგინებელი“ ბიზნესში გაჩენილი პრობლემები გახდა. მაია გაბრაზდა, ჩემოდანი ჩაალაგა, წლინახევრის შვილი ძმის ცოლს ჩააბარა და საკუთარი თავი ამერიკაში გადაისროლა.

საქართველოში, ანუ წინა ცხოვრებაში ექიმი იყო, პლასტიკური ქირურგი, მაგრამ ეს ისტორია საქართველოში დარჩა. ამერიკაში სტანდარტულად დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება მანამ, სანამ ერთ დღეს ახლობელს დაბადების დღეზე ტორტი არ გამოუცხო. იმ ტორტის ავტორი იმ დღეს ყველამ იკითხა და დაკვეთები წამოვიდა.

იცოდა, რომ გემრიელი ხელი ჰქონდა და საჭმელების გაკეთებაც სულ უყვარდა, მაგრამ ამ საქმეს პირველად შეხედა სხვა თვალით. რამდენიმე თვეში დიპლომიც დაიჭირა ხელში – კულინარიულ აკადემიაში ისწავლა და პირველი სამსახურიც დაიწყო ნამდვილ შეფად, ნამდვილ რესტორანში. კვირაში ერთხელ ე.წ. შეფ სფეშელს აკეთებდა – ქართულ კერძებს. ერთხელაც დირექტორმა დაუძახა და სთხოვა, ქართული საჭმელი მეტად აღარ გააკეთო, სხვა საჭმელი გაუყიდავი გვრჩებაო.

ცოტა ხანში აქაც გააბრაზეს, თან ძალიან: სრულიად შემთხვევით მოისმინა, როგორ უპირებდა რესტორნის დირექტორი გაშვებას. ქვა არ უსვრია – წინსაფარი მოიხსნა და წამოვიდა. უკვე იცოდა, რასაც გააკეთებდა.

მერე რაც გააკეთა, იმას ჰქვია „ოდა“ – მანჰეტენზე გახსნილი ქართული რესტორანი. პირველ ორშაბათს 25 დოლარი ივაჭრეს – პერსონალს დანა არ უხსნიდა კბილს, მხოლოდ მაია იყო არხეინად – იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა, მეორე კვირაში დასაჯდომი ადგილი აღარ იქნებოდა. ასეც მოხდა. ცოტა ხანში კი „ოდაზე“ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა და უკვე შიგნით კი არა, გარეთ აღარ იყო დასაჯდომი ადგილები.

დღეს ნიუ-იორკში ორი „ოდაა“ – ერთი მანჰეტენზე და მეორე – ბრუკლინში. მაია აქვავივა (ეს გვარი უკვე მისი ამერიკული ცხოვრებიდანაა) ორივე რესტორნის შეფი და მფლობელია, ქართველ პარტნიორებთან ერთად. ორივე ოდა, წარმატებულ ბიზნესთან ერთად, ქართული კულტურის დესპანია ამერიკაში. „ბევრი, ძალიან ბევრი ქართული რესტორანი უნდა გაიხსნას – ამერიკა იმხელაა, ხალხო!“ – ამბობს მაია და დაუზარებლად უზიარებს ყველას თავის არა მხოლოდ გამოცდილებას – რეცეპტებსაც კი.

დღეს მაიას დაბადების დღეა და ის თავის ერთადერთ ქალიშვილთან, მარიამთან და ძმისშვილთან ერთად ევროპაში ხვდება ამ დღეს. ეს დედა-შვილის პირველი ერთობლივი მოგზაურობაა. საფასური, რომელიც მაიამ გადაიხადა მეორე ცხოვრების დასაწყებად, ძალიან ძვირი იყო – შვილის გარეშე გატარებული წლები, თუმცა ახლა ცხოვრების უერთმანეთო ეტაპი დასრულებულია და დედა-შვილი თავიდან გადიან გამოტოვებულ წლებს.

ასეთია ისტორია ჩემი უძვირფასესი მეგობრის Maia Acquaviva, რომლისგანაც უკვე ძნელია, რაიმე გაგიკვირდეს. თუ რამე თქვა, ის გაკეთდება. თუ გაიფიქრა – ისიც. პირველად რომ გავიცანი, მის რესტორანში გარეთ ვისხედით (ტრადიციულად, შიგნით ადგილი არ იყო) და წვიმა წამოვიდა. მაიამ აიხედა და თქვა: „ნახე, ახლა გადაიღებს!“ – ზუსტად ორ წუთში გადაიღო.

ამიტომ ვუძღვნი ამ ტექსტს მაიასთან ერთად ყველა ქალს, ვისაც ჰგონია, რომ წვიმას ვერ შეაჩერებს: ცაში აიხედეთ, მაიასავით, და თქვით, რომ გადაიღებს.

აუცილებლად გადაიღებს!

ცამოწმენდილზე კი გზა უკეთესად მოჩანს“.

ნანა აკობიძე,

თბილისი, 2 მაისი, 2023 წელი

დემნა გვასალია მაია დვალაძის რესტორან „ოდაში“, ნიუ-იორკში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close