სპორტი

„ნაპოლიმ“ 32-ე ტურის მატჩი შინ ფრედ ითამაშა და საჩემპიონო ზეიმი ჯერჯერობით გადაიდო – მატჩის საუკეთესო მომენტები (ვიდეო)

„ნაპოლის“ დარჩენილი 6 მატჩიდან ერთი ფრეც ჰყოფნის, რომ სკუდეტო გაინაღდოს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში, 32-ტურის მატჩში „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობას 6 ტურით ადრე გაინაღდებდა (ისტორიაში მესამედ, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი – პირველად), გუნდი ძალიან ახლოს იყო საჩემპიონო გამარჯვებასთან, თუმცა შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და ნეაპოლელებს ჯერჯერობით მოცდა მოუწევთ, სანამ საყვარელი გუნდის ტრიუმფს იზეიმებენ, რომელსაც, პრაქტიკულად, წინ არაფერი უდგას.

პირველ ტაიმში  მასპინძლებმა არაერთი კარგი შეტევა განახორციელეს, თუმცა მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა და შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში კი, 62-ე წუთზე „ნაპოლი“ დაწინაურდა – კუთხურის გათამაშების შემდეგ მატიას ოლივერამ კარში დაარტყა და გაიტანა.

ნეაპოლელებმა მატჩის დასრულებამდე ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ვერც გაზარდეს – მეტოქემ ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა. „სალერნიტანას“ სენეგალელმა თავდამსხმელმა ბულაიე დიამ საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა მერეტის კარში. მატჩი ასევე დასრულდა: 1:1.

32 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 79 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ (61 ქულა) 18 ქულით უსწრებს, მესამე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ კი, რომელსაც ამ დროისთვის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები, 59 ქულა აქვს. „იუვენტუსის“ შეხვედრა „ბოლონიასთან“ დღეს იმართება, მატჩი 22:45 სთ-ზე დაიწყო თბილისის დროით. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ „იუვენტუსი“ დარჩენილ 7-ვე შეხვედრას მოიგებს, ნეაპოლელებს დარჩენილ 6 მატჩში 2 ქულის აღება ჰყოფნით, რომ სკუდეტო გაინაღდონ. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 4 მაისს სტუმრად „უდინეზესთან“ გამართავს. კვარას გუნდი თუ მოიგებს, ჩემპიონობას  ვადაზე ადრე გაინაღდებს, რის შანსი მათ დღეს ხელიდან გაუშვეს.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. „იუვენტუსმა“ „ბოლონიასთან“ 32-ე ტურის შეხვედრა ფრედ ითამაშა, შესაბამისად, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 60 ქულა აქვს, „ლაციოს“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 61, ასე რომ, „ნაპოლის“ მოგებაც აღარ სჭირდება, საკმარისია მომდევნო მატჩი ფრედ დაასრულოს, რომ სკუდეტოს ვადაზე ადრე გაინაღდებს.

სტატია განახლებულია 1-ელ მაისს, 10:00 სთ-ზე, დამატებული აქვს p. s.-ს აბზაცი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close