ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, ზოგიერთ მიმართულებაზე ფრენის სიხშირე კვირაში 3-4 რეისამდე გაიზრდება

ახალი ხომალდით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება

2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ავიაკომპანია „ვიზეარი“ კიდევ ერთ, მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით  ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით. ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეისები არ არსებობდა.

მეოთხე ბაზირებული ხომალდის საშუალებით ფრენის სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებაზეც და ზოგიერთი მიმართულებით კვირაში სამი და ოთხი რეისი შესრულდება.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად „ვიზეარის“ ოთხი ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, ქუთაისის აეროპორტი „ვიზეარის“ მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

„ახალი მარშრუტი იქნება კოპენჰაგენში, კვირაში ორჯერ, ფასები დაიწყება 109 ლარიდან. ასევე, გავზრდით ფრენების სიხშირეს არსებულ ცხრა მიმართულებაზე. … ექვსი თვის წინ გამოვაცხადე მესამე ბაზირებული თვითმფრინავის შესახებ და ახლა უკვე მეოთხე გამოვყავით. მომავალში ველოდებით ახალ შესაძლებლობებს და ვითვალისწინებთ იმასაც, რომელ მიმართულებებს ითხოვენ მგზავრები“, – განმარტა „ვიზეარის“ ქსელის მთავარმა ოფიცერმა ეველინ ჯექელმა.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ფრენას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით, 2023 წლის ბოლომდე კი ქუთაისიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close