იტალიის პრემიერ-მინისტრი ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ არც მას და არც მმართველ კოალიციას „ფაშიზმის ნოსტალგია“ არ აქვთ. ჯორჯა მელონმა მემარცხენე ოპონენტების ბრალდებებს გაზეთ „კორიერე დელა სერა“-სთან გაგზავნილ წერილში უპასუხა.
„უკვე მრავალი წელია, როგორც ამას ყველა პატიოსანი დამკვირვებელი ხედავს, პარტიები რომლებიც პარლამენტში მემარჯვენე ძალას წარმოადგენენ, ღიად აცხადებენ, რომ აქვთ შეუთავსებლობა ფაშიზმის ნოსტალგიასთან“, – წერს მელონი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა განმარტებები, რაც იტალიის ომისდროინდელი პარტიზანული მოძრაობის (ANPI) წევრებმა მას მოუწოდეს, რომ ფაშიზმს და იგნაციო ლა რუსას გამიჯვნოდა. ამ უკანასკნელმა, რომელიც მელონის „იტალიის ძმების“ პარტიის წევრია, კარიერა ბენიტო მუსოლინის მემკვიდრე პარტიის, იტალიის სოციალურ მოძრაობაში დაიწყო.
„იტალიის ძმებს“ სათავეს უდებს იტალიის სოციალური მოძრაობა (MSI), რომელიც 1946 წელს ჩამოყალიბდა, როგორც მუსოლინის პირდაპირი მემკვიდრე.
მელონის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ის ლა რუსას განცხადებებს ემიჯნება , თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
„მან უნდა აჩვენოს გამბედაობა და ნათლად თქვას: „ჩვენ არ ვართ ფაშისტები!“- ამბობს ჯუზეპე სალა, მელონის მემარცხენე ოპონენტი.
იტალიურ გაზეთში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მის პარტიას ისეთივე ღირებულებები აქვს, როგორიც ამერიკაში – რესპუბლიკურ პარტიას და ბრიტანეთში – კონსერვატიულ პარტიას. ეს ეროვნული იდენტობის, ტრადიციული ოჯახისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მოიცავს. ეს ყოველივე კი მელონის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია.
თავად მელონიმ ახალგაზრდობაში მუსოლინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა, რამდენჯერმე დაგმო დიქტატორის გადაწყვეტილებები და თქვა, რომ თავად მას „არასდროს ჰქონია სიმპათია ფაშიზმის მიმართ“.
amerikiskhma.com
კომენტარები