მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის სოციალური ეკონომიკის მინისტრი PlayBoy-ს გარეკანზე მისი ფოტოს დაბეჭდვისთვის დატუქსეს (ვიდეო)

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა თავისი სახელმწიფო მდივანი, სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის მინისტრი (FR/ Secrétaire d’État chargée de l’Économie sociale et solidaire et de la Vie associative) მარლენ შიაპა Playboy-ს გარეკანზე მისი, რბილად რომ ვთქვათ, თამამი ფოტოს დაბეჭდვისთვის დატუქსა. ამის შესახებ სააგენტი „ფრანს პრესი“ (AFP) ბორნის ასისტენტზე დაყრდნობით იტყობინება.

ყდის ფოტოს გარდა Playboy-ს აპრილის ნომერში დაიბეჭდა შიაპას 12-გვერდიანი ილუსტრირებული ინტერვიუ, რომელშიც იგი ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე საუბრობს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის თქმით, შიაპას გადაწყვეტილება „ყოვლად არაეთიკურია, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა ქვეყანაში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა“.

40 წლის შიაპას დიზაინერული ქვედა საცვლების ხილვა გლამურული ჟურნალის ფურცლებზე საზოგადოებისთვის „არასწორ გზავნილად“ მიიჩნიეს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, რომ საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა, როცა გაიგო, რომ შიაპა „ფლეიბოის“ გარეკანზე გამოჩნდა.

სოციალური ეკონომიკის მინისტრი თავის გადაწყვეტილებას – „ჯერ კიდევ ჩაცმული გამოჩნდეს Playboy-ს გარეკანზე“ – მართებულად მიიჩნევს.

„ყველგან და ყოველთვის დავიცვათ ქალების უფლება, განკარგონ თავიანთი სხეული.

საფრანგეთში ქალები თავისუფლები არიან.

მოწიწებით რეტროგრადებისა და თვალთმაქცების მიმართ“, – დაწერა შიაპამ თავის ტვიტერზე.

შიაპას ჟურნალის არჩევანი დაუწუნა კოლეგამ, პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანმა ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის საკითხებში, იზაბელ რომმა.

„საინტერესოა, რატომ აირჩიეთ „ფლეიბოი“ ქალების უფლებებზე სასაუბროდ, როდესაც ეს ჟურნალი ყველა სექსისტური სტერეოტიპის კრებულს წარმოადგენს? ჩვენი კულტურა ნამდვილად ქალი-საგნის კულტურაა“, – მიმართა შიაპას იზაბელ რომმა.

სამაგიეროდ მას მხარდაჭერა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ დარმანენმა, რომელმაც Europe1-ის ეთერში თქვა, რომ „იყო თავისუფალი ქალი, ადვილი არ არის“.

40 წლის ფემინისტი მწერალი მარლენ შიაპა პოლიტიკაში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2017 წელს მოიყვანა.

2022 წლის 4 ივლისს, მეორე მთავრობის ფორმირებისას შიაპა პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივნად დაინიშნა სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების  საკითხებში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close