სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა – 3 ქართველი პირველ ადგილზეა თავის წონაში

თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებს შორის სამი ქართველი წონის სათავეშია.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში (4 256) მეხუთე ადგილზე გადავიდა თბილისის გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანი, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (3221) მეათეზეა.

66 კგ

66 კგ-ში მეოთხე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი (4 320). ქართველს მოლდოველი დენის ვიერუ (7 305), მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი( 4 764) და იაპონელი ჰიფუმი აბე (4 600) უსწრებენ.

73 კგ

73 კგ-ში ლიდერმა, ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მას ახალ რეიტინგში 6 685 ქულა აქვს. ოლიმპიური ჩემპიონის უახლოესი მდევრები კი აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (5 416), მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 096), ბრაზილიელი დანიელ კარნინი (4 685) და უზბეკი მუროდჯონ იულდოშევი (4 011) არიან.

81 კგ

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე არ უასპარეზია. მას 9 046 ქულა აქვს და წონას კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს. ხუთეულში არიან ბელგიელი მატიას კასე (7 055), აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი (5 425), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 659) და თურქი ვედატ ალბაირაკი (4 345).

90 კგ

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ათეულში სამი ძიუდოისტი ჰყავს: ბექა ღვინიაშვილი (5 533) მესამე ადგილზეა, ლუკა მაისურაძე (5 500) – მეოთხეზე, ხოლო თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი ლაშა ბექაური (4 060) მეშვიდე პოზიციას იკავებს. წონის ლიდერები უზბეკი დავლატ ბობონოვი (6 448) და იაპონელი სანშირო მურაო (6 000) არიან.

100კგ 

ილია სულამანიძე (100 კგ) კვლავაც საკუთარი წონის რეიტინგის სათავეშია 6346 ქულით. ქართველს თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებულმა ოქროს მედალმა ლიდერობა დაუბრუნა. ამავე წონაში 3 791 ქულით მერვე ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

100+კგ

მძიმე წონაში (+100 კგ) მეათე ადგილზეა თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი გელა ზაალიშვილი (3 472), გურამ თუშიშვილი (3 815) მეშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ), გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) – ბრინჯაო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close