მილანში ქართული საცეკვაო ილეთით გიორგი კვანჭიანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და პირდაპირ ეთერში საყვარელ ქალს ხელი სთხოვა (ვიდეო)
ქართველი მოცეკვავე გიორგი კვანჭიანი ქართული ცეკვის ილეთით გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს მოვლენა მილანის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
ყველაფერი კი TikTok-ზე ატვირთული ცეკვის ეპიზოდით დაიწყო – ერთ დღეში ცეკვას 100 000 ნახვა ჰქონდა, ორ დღეში – 300 000, მალე ნახვებმა 2 მილიონს გადააჭარბა…
ერთ დღესაც გიორგიმ გინესის რეკორდების პროექტში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო. თავიდან ხუმრობა ეგონა, ამიტომ პასუხიც დაუგვიანა, თუმცა პროექტი მაინც შედგა და გიორგიც, როგორც თავად წერს, პირველი ქართველი მოცეკვავე გახდა მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ქართული ტრიუკით დაამყარა მსოფლიო რეკორდი.
შთამბეჭდავ სანახაობას ემოციური ფინალი ჰქონდა – რეკორდის დამყარების შემდეგ მილანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გიორგიმ საყვარელ ქალს, პროფესიონალ ბალერინა მაია ქარდავას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.
„1X გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გავხდი!!! ქართული ცეკვის ტრიუკით, უპრეცედენტო რამ მოხდა, მეგობრებო, ქალაქ მილანში. შემდეგ რაც მოხდა, თქვენი თვალით იხილეთ… ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ჩემს ამ მიღწევაში. განსაკუთრებული მადლობა ჩემს უკვე მეუღლეს, მაია ქარდავას. განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა და ყველაზე ცუდ მომენტებში გვერდში მედგა“, – წერს ფეისბუქგვერდზე გიორგი კვანჭიანი.
გიორგი 20 წელია ცეკვავს. როგორც თავად ამბობს, 5-6 წლის იყო, პირველად სცენაზე რომ დადგა და მას შემდეგ მუდმივად სრულყოფს თავის შემოქმედებას და მუდმივ ძიებაშია.
სოციალური ქსელების მის გვერდებზე ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ – გიორგი ყველგან ქართული ტრადიციული ილეთებით არატრადიციულ სანახაობას ქმნის. ერთს ჩვენც შემოგთავაზებთ – ნახეთ ბრეიქდანსის და ქართული ცეკვის მიქსი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები