მსოფლიოსაზოგადოება

პრინცესა ლილიბეტი საიდუმლო ცერემონიაზე მონათლეს

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა, აგრეთვე, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ნათლობაზე არ ჩავიდნენ

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა თავიანთი ქალიშვილი – ლილიბეთი მონტეციტოში (კალიფორნია, აშშ) საიდუმლო ცერემონიაზე მონათლეს. ამის შესახებ გამოცემა People იტყობინება. გარდა ამისა, ნათლობის შესახებ რეპორტაჟში წყვილის წარმომადგენელმა ლილიბეტს „პრინცესა“ პირველად  უწოდა.

„პრინცესა ლილიბეტ დიანა პარასკევს, 3 მარტს, ლოს-ანჯელესის არქიეპისკოპოსმა, მეუფე ჯონ ტეილორმა მონათლა“, – განაცხადა სასექსის ჰერცოგების წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

ცერემონია მონტეციტოში მდებარე სასახლეში გაიმართა და მას  20-30 უახლოესი ნათესავი და მეგობარი ესწრებოდა, მათ შორის, მეგან მარკლის დედა. სამეფო ოჯახის წევრები ნათლობაზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზს და მის მეუღლეს, კამილას, პრონც უილიამსა და ქეით მიდლტონს მოსაწვევები ოფიციალურად გაუგზავნეს. ბუკინგემის სასახლეს კომენტარი არ გაუკეთებია ლილიბეტის ნათლობაზე მათი არყოფნის გამო. პრინცესას ერთ-ერთი ნათლია იყო ტაილერ პერი, აფროამერიკელი კინომაგნატი, რომელიც ჰარის და მეგანს დიდი ბრიტანეთიდან გადასვლის პირველივე კვირებში ეხმარებოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეფე ჩარლზ III-ს შეუძლია პრინც ჰარის შვილებს – არჩის და ლილიბეტს პრინცისა და პრინცესას ტიტულები ჩამოართვას, რომლებიც მათ ავტომატურად მიიღეს დედოფალ ელიზაბეთის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მმართველი მონარქის შვილიშვილებმა. სასახლის წყაროებმა დააზუსტეს, რომ მეფესა და წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ბავშვების ტიტულები გახდა.

Daily Mail-ის ცნობით, მეფე ჩარლზ III-მ პრინც ჰარის პირად საუბარში უთხრა, რომ მის შვილებს შეეძლოთ ტიტულები შეენარჩუნებინათ, რითაც შვილთან შერიგებისკენ ნაბიჯი გადადგა.  სასახლის ინსაიდერის თქმით, მეფე ჩარლზი „არასოდეს გაუკეთებდა ამას თავის შვილიშვილებს“ [ტიტულებს არ ჩამოართმევდა – რედ.].

ასევე, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს უნდათ, მათმა შვილებმა, როცა გაიზრდებიან, თავად გადაწყვიტონ, შეინარჩუნონ თავიანთი ტიტულები თუ უარი თქვან მათზე.

ახლა კი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილებს პრინცისა და პრინცესას ტიტულები ოფიციალურად აქვთ.

ბუკინგემის სასახლის საიტზე აღნიშნულია, რომ ჰარის და მეგანის 3 წლის ვაჟიშვილი – არჩი ტახტის მემკვიდრეთა სიაში მე-6 ადგილს იკავებს, ლილიბეტი კი – მე-7-ს.

ბრიტანული გამოცემის, „ტელეგრაფის“ ცნობით, პრინცი ჰარის შვილები – არჩი და ლილიბეტი პაპის, ჩარლზ მესამის კორონაციაზე არ მიიწვიეს. თავად სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ,  ჰარიმ და მეგანმა უკვე მიიღეს ოფიციალური მიწვევა დიდი ბრიტანეთის ახალი მეფის და მისი მეუღლის ოფიციალურ კურთხევაზე, რომელიც 6 მაისსაა დაგეგმილი.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close