საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: კიდევ ერთი საპროტესტო აქცია და ახალი დეტალები სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით

საბერძნეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობის გასაპროტესტებლად ათენსა და თესალონიკში გამართულ აქციაში 8 მარტს ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სახსრების დაზოგვაში ადანაშაულებენ, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა.

აქციას ერთდღიანი გაფიცვით შეუერთდნენ რკინიგზის თანამშრომლებიც.

ათენში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტმა სამართალდამცველების მიმართულებით ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლა.

პოლიცია ჩაერია თესალონიკში გამართული აქციის დასაშლელად.

დემონსტრანტების ნაწილის აზრით, ამჟამინდელი მთავრობის ბრალია ის ტრაგედია, რომელიც მოხდა და მთავრობა უნდა წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მიმდინარე წლის 7 ივლისს იწურება.

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები წელს, გაზაფხულზე ჩატარდება მარტივი პროპორციული სისტემით, რაც განმეორებითი არჩევნების აუცილებლობის დიდ ალბათობას ქმნის. მმართველი პარტიის, „ნეა დიმოკრატიას“ ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი არჩევნებში ევროსის ოლქიდან მიიღებს მონაწილეობას.

წინაისტორია:

28 თებერვალს ათენიდან თესალონიკში მიმავალი სამგზავრო მატარებლის სატვირთოსთან შეჯახებას საბერძნეთის ჩრდილოეთ ქალაქ ლარისასთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ ტემპიში 57 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად ახალგაზრდები. სამგზავრო მატარებელში შეჯახების დროს 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამგზავრო მატარებლის მემანქანე გიორგოს კუცუმბასი შეჯახებამდე მთელი 17 წუთის განმავლობაში ცდილობდა დაჰკავშირებოდა ქალაქ ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსს ან თავის კოლეგებს, სატვირთო მატარებლის მემანქანეებს, რომლებიც ათენის-თესალონიკის ამ მარშრუტზე მოძრაობდნენ ამ დროს, რათა დაედგინა, რომელიც მატარებელი გავიდა ლარისის სადგურიდან და რომელი მიმართულებით, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსი ტელეფონს არ პასუხობდა (ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგი ამ დროს სადგურზე გამართულ საღამოს წვეულებაში მონაწილეობდა), ხოლო სატვირთო მატარებლის ცვლის შეცვლის გამო იგი თავის კოლეგებს, სატვირთო მატარებლის მემანქანეებს ვერ დაუკავშირდა.

გუშინ ტელეკომპანია „მეგამ“ გაავრცელა ვიდეო (სათვალთვალო კამერების ჩანაწერი), სადაც ჩანს, რომ ტემპიში ტრაგედიამდე 20 წუთით ადრე კიდევ ერთი სარკინიგზო კატასტროფა შეიძლებოდა მომხდარიყო – სამგზავრო მატარებელს, რომელიც სადგურში არასწორ ლიანდაგზე შევიდა, ლარისის სადგურის უფროსმა მითითება მისცა, უკან წასულიყო, რათა მეორე მატარებლისთვის გზა დაეთმო.

გამოძიება გრძელდება.

სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან ყველა სარკინიგზო სადგურს ორი ზედამხედველი ეყოლება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close