ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათენსა და თესალონიკში გამართულ საპროტესტო აქციებზე

57 დაღუპულიდან 2 ცხედარია ამოუცნობი, ერთი ცხედრის ამოცნობა ვერ ხერხდება, რადგან ამ ადამიანს არავინ ეძებს

7 პოლიციელი დაშავდა დღეს, 5 მარტს ათენის მთავარ მოედანზე, სინდაღმაზე ტემპის ტრაგედიის გამო გამართული დიდი საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ინციდენტების შედეგად, 6 მომიტინგე დააკავეს. ასეთია საბერძნეთის პოლიციის მონაცემები.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მომიტინგეთა ჯგუფი ნიღბებით ნახევრად დაფარული სახეებით, სავარაუდოდ, ანარქისტული დაჯგუფებებიდან, სინდაღმის მოედნის ქვედა ნაწილში რაკეტებით, პეტარდებით და ქვებით თავს დაესხა პოლიციას, საბერძნეთის სპეცდანიშნულების დანაყოფის (Μονάδες Αποκατάστασης Τάξης (ΜΑΤ) ძალებმა მათ ქიმიკატებითა და გამაყრუებელი ყუმბარებით უპასუხეს.

ანალოგიური სიტუაცია იყო ომონიაზეც, ვიდეოზე ჩანს, როგორ აგდებს გამაყრუებელ ყუმბარას პოლიციელი მეტროში.

დემონსტრანტებს შორის დაშავებულების (ტრავმა ან მოწამვლა) შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა თესალონიკშიც, სადაც დემონსტრანტებმა თეთრ კოშკზე გამოკიდეს ბანერი, რომელზეც, სხვა ტექსტთან ერთად, ეწერა: „ახლა რისხვა უკან დაბრუნდება“ (τώρα η οργή να γίνει ανατροπή). აქციის ადგილას სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა და ბანერის მოხსნა დააპირა, თუმცა ძეგლის შესასვლელთან მყოფმა დემონსტრანტებმა ამის საშუალება არ მისცეს. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებს შორის დაძაბულობა რაღაც მომენტში ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაძაბულობა წარმოიშვა მაშინ, როდესაც პოლიციამ თეთრი კოშკის წინ მყოფ დემონსტრანტებს, რომლებმაც ბანერი გამოკიდეს, დოკუმენტები მოსთხოვა. როდესაც მათ უარი განაცხადეს, პოლიციამ ძალის გამოყენებით შეავიწროვა ისინი და ქიმიური საშუალებები გამოიყენა.

ორი ადამიანი, რომლებმაც ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღეს, ღესალონიკის მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს.

საბერძნეთის კომუნისტური პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატის, იანის დელისის თქმით, მას შემდეგ, რაც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დემონსტრანტები 11:15 სთ-ზე დაიშლებოდნენ და რაც ბანერი ჩამოხსნეს, პოლიციამ აუკრძალა კოშკიდან გასვლა ყველას, ვინც შიგნით იმყოფებოდა და მონაწილეთა მონაცემები მოითხოვა, ფაქტობრივად, ჩაკეტა შესასვლელი და გასასვლელი, მათ შორის, მოსახლეობისთვისაც. მან პოლიციის ქმედებას სამარცხვინო უწოდა მაშინ, როდესაც „დაღუპულთა სისხლი ჯერ კიდევ არ შემშრალა“.

დელისის თქმით, როგორც აქციის ხელმძღვანელმა, მან თავისი საპარლამენტო მოწმობა უჩვენა. თავიდან პოლიციამ მხოლოდ ის გამოუშვა კოშკიდან, თუმცა დელისმა მოითხოვა, რომ ყველა გაეშვათ.

ტემპიში 28 თებერვალს ღამით მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 57 დაღუპულიდან 2 ადამიანია ამოუცნობი, მათგან ერთის შესადარებელი დნმ ნიმუშები არ არსებობს, რადგან მას არავინ ეძებს, ამიტომ მისი ვინაობის დადგენა შეუძლებელია.

28 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათგან 7 – რეანიმაციაში.

კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსი, 59 წლის მამაკაცი, რომელმაც,მედიაში გავრცელებული ცნობით, ამ თანამდებობაზე მუშაობა ტრაგედიამდე 5 დღით ადრე დაიწყო (ხელფასი – 3500 ევრო). არსებული ინფორმაციით, მას შეჯახებამდე 17 წუთით ადრე აცნობეს, რომ ორი მატარებელი ერთმანეთის მიმართულებით ერთ ხაზზე მოძრაობდა. რატომ ვერ შეძლო სადგურის უფროსმა მემანქანეების გაფრთხილება, ჯერჯერობით უცნობია.

STAR-ის ინფორმაციით, ლარისის სადგურის უფროსი მატარებლების შეჯახების შემდეგ პალეოფარსალოსის სადგურის უფროსს დაუკავშირდა და უთხრა: „შეჯახება მაქვს“. მან ჰკითხა: „რა გააკეთე?“ – რაზეც აწ უკვე ბრალდებულმა სადგურის ზედამხედველმა უპასუხა: „არ მახსოვს, სად დავსვი მატარებელი, არ მახსოვს“…

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე 2 გაზის ბალონი იპოვეს, Hellenic Train-ი უარყოფს. მათი თქმით, ვაგონ-რესტორანში თხევადი გაზის ბალონები არ იყო.

სპეციალისტები ძლიერი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ავარიის დროს ცეცხლის „სოკო“ მატარებლების ავზებში ზეთის დიდმა რაოდენობამ (2,5 ტონა) გამოიწვია, რომელიც ძლიერი შეჯახებისას ძალიან გაცხელდა.

ხელისუფლება ცდილობს, შემთხვევის მიზეზი „ადამიანურ შეცდომამდე“ „დაიყვანოს“, თუმცა ფაქტია, რომ რაც მოხდა, იმაში დიდწილად თავადაა დამნაშავე, რადგან რკინიგზაზე არსებულ პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში „თვალს უხუჭავდა“.

დღეს ათენის მეტროს და ტრამვაის თანამშრომლებმა ისევ 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს სამივე ხაზზე, თუმცა მეტრო ნაშუადღევის 4 საათამდე მუშაობდა იმისათვის, რომ აქციაში ჩართვის მსურველებს დედაქალაქის ცენტრში მისვლის და სახლში უკან დაბრუნების საშუალება ჰქონოდათ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close