საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 56 ადამიანი უგზო-უკვლოდ დააკარგულად ითვლება

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა, 48 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. ამის შესახებ CNN.GR წერს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები, სტუდენტები არიან, რომლებიც „სუფთა ორშაბათის“ კარნავალის შემდეგ ღამით ათენიდან თესალონიკში ბრუნდებოდნენ. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულება ავარიის ადგილას დღეს, შუადღისთვის იგეგმება. მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, დამწვარ ვაგონებში ცხედრები იპოვონ. ქალაქ  ლარისის სასამართლო-სამედიცინო სამსახურის უფროსმა რუბინი ლეონტარიმ 2 მარტს განაცხადა, რომ წინა დღეს ექსპერტიზას 7 დამწვარი ცხედარი გადაეცა, 2 მარტს კი – 14. მისივე თქმით, დამწვარი სხეულის ნაწილებით სავსე ტომრების რაოდენობამ მორგში 10-ს გადააჭარბა.

საბერძნეთის პოლიციის პრესმდივან კონსტანცია დიმოგლიდუს განცხადებით, ავარიის, მგზავრებისა და დაშავებულების ევაკუაციის შემდეგ 56 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, არსებობს ალბათობა, რომ სამგზავრო მატარებელში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნათესავებს ან მეგობრებს დაკარგულად არ გამოუცხადებიათ, რადგან დადასტურებულ დაღუპულებს შორის არის ერთი ადამიანი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებში არ ირიცხება. ქალბატონი დიმოგლიდუს ინფორმაციით, ყველა ცხედარი იდენტიფიცირებულია დნმ ტესტირების საშუალებით.  48 დაშავებული საავადმყოფოში რჩება, მათგან 6 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები უკიდურესად  აღშფოთებულები არიან, რადგან კატასტროფიდან 3 დღის შემდეგ პოლიციას ჯერ კიდევ არ წარუდგენია ოფიციალურად იმ ადამიანთა სია, რომლებიც ჯერ ვერ ამოიცნეს.

შეგახსენებთ, რომ საშინელი ავარია რკინიგზაზე საბერძნეთში 28 თებერვალს ღამით მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს დაეჯახა სადგურ ლარისასთან ახლოს, ტემპიში. შეჯახებისას მატარებლები სრული სვლით მიდიოდნენ. პირველი 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და ძლიერმა ხანძარმა იფეთქა. 2 მარტს ტრაგედიის ადგილას 2 გაზის ბალონი იპოვეს, რაც შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი იყოს.

სარკინიგზო კატასტროფის გამო საბერძნეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა. მთავრობამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დეტალურად გამოძიების პირობა დადო. საბერძნეთში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

მომხდარის შემდეგ საბერძნეთის რკინიგზის პროფკავშირების ორგანიზებით 2 მარტს 24-საათიანი გაფიცვა მოეწყო, არ მოძრაობდა არცერთი მატარებელი. გაიფიცნენ ათენის მეტროს თანამშრომლებიც. ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close