რას არ გაიგებ/ფაქტები

დედალი არწივი ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ ირჩევს მომავალი შვილების მამას – რა გაკვეთილი შეიძლება ვისწავლოთ ფრინველთა მეფისგან

ალბათ ბევრმა არ იცის, თუ როგორ ირჩევს დედალი არწივი მამას თავისი მომავალი ბარტყებისთვის. ირკვევა, რომ თუ ფრინველთა მეფეს მივბაძავთ, ოჯახი სტაბილური და პროგნოზირებადი გვექნება და განქორწინებების რიცხვიც ბევრად დაიკლებს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი Nika BT არწივების ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„თურმე როცა დედალი არწივი გადაწყვეტს, რომ დროა ოჯახი შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს არც ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს მაღალზე ფრენას, მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები, კანდიდატურები.

დედალი სიმაღლეს აკრეფს და ნისკარტიდან ამ ტოტს უშვებს, რომელიც მოახერხებს მის ჰაერშივე დაჭერას, მასთან უკან მიტანას და ნისკარტიდან-ნისკარტში გადაცემას, კონკურსს მხოლოდ ის მამალი არწივი აგრძელებს.

დედალი ამ მოქმედებას იმეორებს მეორედ, მესამედ და ასე ძალიან ბევრჯერ, მამალს ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა, თუ თავს გაართმევს – დედალი ირჩევს მას და შეწყვილდებიან. რატომ აკეთებს ამას დედალი არწივი, მერე გეტყვით.

ისინი ერთად აფრინდებიან კლდეზე და ბუდისთვის ადგილს ირჩევენ, ბუდეს ხმელი ტოტებით აკეთებენ. ის ძალიან მყარი, მაგრამ ხმელი და უხეშია (ისეთი დიდი და მაგარია, ადამიანსაც კი გაუძლებს), ამიტომ ორივენი ნისკარტით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს (თუ გავითვალისწინებთ, რამსისხო ღერო აქვს მათ ბუმბულს, ალბათ მტკივნეულია) და იქამდე ამოფენენ, სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. მუშაობით რომ დაიღლებიან, ორივენი მაღლა ადიან ჰაერში და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ხიბლავენ.

აი ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და სანამ იგი კვერცხებზე ზის გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ასეთი ლამაზი ფრენით ართობს მას.

მართვეები ტიტვლები და ძალიან უსუსურები იბადებიან, მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან და წვიმისგან, ორივეს მოაქვს მათთვის საჭმელი, ძირითადად, თევზი. როცა მართვეები ბუმბულით შეიმოსებიან და მშობლები მათ ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას: მამალი არწივი ბუდის ნჯღრევას იწყებს  და მანამდე ანჯღრევს, სანამ ყველა ბუმბული არ ჩამოცვივა და ხმელი, მოუხერხებელი ბუდე არ დარჩება, დედალი ბუდესთან ახლოს დაჯდება და მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას იწყებს. მართვეები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ მიჩვეულნი, გაოგნებულები არიან, მაგრამ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებთ, ბუდიდან გადმოვიდნენ, ისინი იმ მოძრაობებს აკეთებენ, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც ვერასდროს გააკეთებდნენ, თუკი მშობლები მათზე ძველებურად ზრუნვას გააგრძელებდნენ.

ამოფოფხდებიან მართვეები და რაკი მათი ბუდე კლდის ქიმზეა (ადვილად რომ ვერ მიუდგეს რომელიმე მტაცებელი), დაბლა ვარდებიან, რადგან ჯერ ფრთების გამოყენება და დანიშნულება არ იციან. აი სწორედ ამ დროს ხის ტოტით მრავალჯერ გამოცდილი მამა შურდულივით ეშვება ძირს და მართვე მამის ზურგზე აღმოჩნდება. მამა მას ისევ ბუდეში აბრუნებს და ასე მეორდება ბევრჯერ, მანამ პატარა არწივებში ფრთების გაშლის და გამოყენების ინსტინქტი არ ჩაირთვება… მამას ერთი მართვეც არ უნდა ჩაუვარდეს ძირს, ტყუილად კი არ გამოცადა დედამ მისი უნარი, სანამ აირჩევდა.

***

დასკვნა:

1.სწორად უნდა აარჩიო, ვინ გამოგადგება შვილების მამად (უმთავრესია!);

2. ერთად უნდა ააშენოთ ბუდე;

3. თანაბრად უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე და ერთმანეთის მოხიბვლაზეც!

4. ოჯახს აწყობს და არჩენს ორივე ერთად, არც მარტო დედალი და არც მარტო მამალი არ არის ვალდებული, წამოიკიდოს მთელი ოჯახის რჩენა კისერზე;

5. სწორად უნდა განსაზღვრო, რა ასაკიდან მისცე თავისუფლება შვილებს და გაუშვა შენგან… ( უძნელესია!);

6. და ხაზგასმით – გზაზე მამამ უნდა დააყენოს, ასწავლოს ფრენა! და არასდროს, არცერთი მცდარი ნაბიჯის შემთხვევაში არ დაუშვას შვილის დაღუპვა!

p. s.  ბრძენია ბუნება, მართლაც დიდი ბრძენი“, – წერს Nika BT.

ძნელია, ამ მოსაზრებებს არ დაეთანხმო!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close