პოლიტიკაქართველები უცხოეთში

ათენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 16 თებერვალს ათენში, საქართველოს საელჩოს შენობაში შეხვედრა გამართა საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და დიასპორული ინიციატივების პროექტებში გამარჯვებულ თანამემამულეებთან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრისთვის და ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ისე ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

„მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოს განვითარებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევასა და ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში.

მინისტრმა ასევე მოისმინა დიასპორის წარმომადგენელთა საჭიროებები და მზადყოფნა გამოთქვა უწყების მხრიდან, მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში, აღნიშნული თემების შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 15 თებერვალს ილია დარჩიაშვილი თავის ბერძენ კოლეგას, ნიკოს დენდიასს შეხვდა. შეხვედრაზე ბერძენმა მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე, გააკეთეს შეხვედრის შემაჯამებელი განცხადებები პრესასთან.

დენდიასმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგას განსაკუთრებული სიხარულით მასპინძლობს, რადგან საქართველოსთან საბერძნეთს კავშირურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს და „დღევანდელი ვიზიტი არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს ურთიერთობების გაღრმავება ყველა სფეროში ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთმხარდაჭერით“.

ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა თბილისში მოიწვია და მანაც დაადასტურა, რომ იღებს მოწვევას, უახლოეს პერიოდში ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს საქართველოს დედაქალაქს.

16 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატერინა საკელაროპულუს შეხვდა. მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close