იტალიაკულტურა

„აქ იგი თავის მუზას, ბეატრიჩეს შეხვდა“ – დანტე ალიგიერის აგარაკი გაიყიდა (ფოტოები)

ნამდვილად ასე იქნებოდა – აქ გაიცნო დანტემ პირველად ბეატრიჩე, ფლორენციის ისტორიული ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებით, ფიეზოლეს სიახლოვეს მდებარე ამ მამულში – თვალწარმტაც ადგილას, რომელიც მთლიანად მწვანეშია ჩაფლული.

დანტე ალიგიერის მე-13 საუკუნის მამული ახლახან  გაყიდა ფლორენციულმა კომპანია Lionard Luxury Real Estate-მა. მყიდველი, სავარაუდოდ, იტალიელია. გარიგების ფასი ცნობილი არ არის, თუმცა ვილის არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, ალბათ რამდენიმე მილიონი ევროა.

სახლზე არის მემორიალური დაფა, გარდა ამისა, ის  მოხსენიებულია რამდენიმე ისტორიულ წყაროში, მათ შორის, ოტელო ტორდის ტექსტში.

„ეს მამული, სახელწოდებით რადოლა (Radola), ალიგიერების ოჯახის საყვარელი ქალაქგარე აგარაკი იყო, სადაც ისინი დასასვენებლად მიდიოდნენ. როდესაც დიდი პოეტი, იტალიური ლიტერატურული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი,  დანტე ალიგიერი ფლორენციიდან გააძევეს თავის პარტია „თეთრ გველფებთან“ ერთად, ქონება, მათ შორის, ეს აგარაკიც ჩამოართვეს. მოგვიანებით, 1342 წელს მამული დანტე ალიგიერის შვილს, ჯაკოპო ალიგიერის დაუბრუნეს“, – წერს ტორდი. თავად დანტე კი ისე გარდაიცვალა (1321 წ.), რომ მშობლიური ადგილები აღარასდროს უნახავს.

ამ სახლის მთელი ხიბლი მაინც ბეატრიჩეს სახელს უკავშირდება. „მამულის გვერდით, რომელიც დანტე ალიგიერის ეკუთვნოდა, მდებარეობს პორტინარების ოჯახის შთამბეჭდავი ვილა „მონტეკი“. გამორიცხული არ არის, რომ  დანტე და მისი მუზა – ბეატრიჩე (Beatrice “Bice” di Folco Portinari  – რედ.) პირველად მამულის სიახლოვეს შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი…“ – წერს ტორდი. იგი ვარაუდობს, რომ მათი ოთახების ფანჯრები ერთმანეთის პირდაპირ იყო და ისინი ფანჯრიდან უყურებდნენ ერთმანეთს.

დანტეს მამულის ანონიმი მყიდველი უნიკალური ქონების მფლობელი გახდა, რადგან მას ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის გარდა დიდი კომერციული ღირებულებაც აქვს.

სახლს, რომელიც ნამდვილი შედევრია, 1,2 ჰექტარი აყვავებული შემოღობილი ნაკვეთი აკრავს, 5000 მ2 ფართობის შესანიშნავი პარკით, სადაც ზამთრის ბაღი და დიდი როზარიუმია. მას ერთვის ზეთისხილის კორომი, რომლის ფართობი 4900 მ2-ია და, ასევე, 2100 მ2 ტყის მასივი. კომპლექსი მოიცავს ულამაზეს მთავარ ვილას, რომლის ფართობი 420 მ2-ია და მის მიმდებარედ 220 მ2 ორდონიან დამხმარე ნაგებობას,  რომელსაც თავდაპირველად ფარდულად იყენებდნენ. ახლა ის ლამაზად რესტავრირებულია, აქვს ორი მისაღები ოთახი, სამზარეულო, სამი საძინებელი, ორი სველი წერტილით და ორი ტერასა.

ნინო ხოშტარია

ასევე დაგაინტერესებთ: დანტე ალიგიერის შთამომავალს სურს, გაუქმდეს განაჩენები, რომლებიც პოეტს 700 წლის წინათ გამოუტანეს.

იტალიაში დანტეს ეროვნული დღე დააწესეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close