ვიდეოიტალიასპორტი

„დიახ, იტალია რასისტული ქვეყანაა“, – აცხადებს სანრემო 2023-ის თანაწამყვანი, იტალიელი ფრენბურთელი პაოლა ეგონუ (ვიდეო)

დღეს, 9 თებერვალს სანრემოს ფესტივალის მესამე წარმოდგენის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვაზე, არის თუ არა იტალია რასისტული ქვეყანა, იტალიაში დაბადებულმა ნიგერიული წარმოშობის ფრენბურთელმა, არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულმა პაოლა ეგონუმ თქვა: „დიახ, იტალია რასისტული ქვეყანაა“. ინფორმაციას იტალიის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ „იმედი აქვს, ნიგერიული წარმოშობის იტალიელი ჩემპიონი ფრენბურთელი სანრემოზე რასიზმზე არ ილაპარაკებს, რადგან იტალია არ არის რასისტული ქვეყანა“. კითხვაზე, რას იტყოდა მატეო სალვინის განცხადებასთან დაკავშირებით, პაოლამ უპასუხა: „ჩემი აზრით, აუცილებელიც კი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ყველამ ვიცით, რატომაც“.

„არის თუ არა იტალია რასისტული ქვეყანა? – დიახ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა [იტალიელი] რასისტია და ყველა ცუდია, მაგრამ თუ მეკითხებით, არის თუ არა იტალიაში რასიზმი, გიპასუხებთ, რომ დიახ“, – თქვა პაოლამ და დასძინა, რომ „ამ მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“. მისივე თქმით, რაც შეეხება სპორტულ სფეროს, თავად ნეგატიური გამოცდილება არ ჰქონია: „არ მინდა, ჩემი თავი მსხვერპლად წარმოვაჩინო, მაგრამ იმას ვამბობ, რაც არის“.

24 წლის ფრენბურთელი დღეს ამადეუსთან და ჯანი მორანდისთან ერთად წაიყვანს სანრემოს ფესტივალის მესამე საღამოს და, როგორც თავად აღნიშნა, თავისი მონოლოგის პატარა ნაწილში რასიზმსაც შეეხება.

მოკლე ინფორმაცია პაოლა ეგონუს შესახებ:

იტალიაში დაბადებული ნიგერიული წარმოშობის პაოლა ეგონუ უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. იტალიის ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში (2015-2022 წწ.) არის ევროპის და ერთა ლიგის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, მსოფლიო გრან პრის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2022 წელს, FIVB World Championship-ის დასრულების შემდეგ, სადაც იტალიის ქალთა ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მან განაცხადა, რომ ნაკრებს განუსაზღვრელი ვადით ტოვებდა, რადგან მუდმივად რასიზმთან უწევდა შეჯახება.

პაოლა ამჟამად თურქულ კლუბ „ვაკიფბანკში“ თამაშობს. 24 წლის ფრენბურთელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვაზე, დაბრუნდებოდა თუ არა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, თქვა, რომ შეუძლია ყველაფრის „მეტაბოლიზება“, მაგრამ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იტალიის ნაკრებში დაბრუნდებოდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close