ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქეა (ვიდეო)
საქართველომ მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მაშველები და ტექნიკა უკვე გაგზავნა
ორმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომელთა ეპიცენტრები თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, თურქეთსა და მეზობელ სირიაში, ბოლო ინფორმაციით, 2600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1650-ზე მეტი ადამიანი თურქეთში დაიღუპა, 1000-ზე მეტი – სირიაში; დაშავდა ათასობით მოქალაქე – 9700-ზე მეტი თურქეთში, 2000-ზე მეტი – სირიაში.
სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის 2 – საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებამ და საქართველოს საელჩომ დაადასტურეს. პირველად ცნობილი გახდა ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ.-ის გარდაცვალების შესახებ. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე ქალაქში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ო.ც. დაიღუპა მიწისძვრის შედეგად.
საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა, 12 თებერვლის დღის ბოლომდე.
სამწუხაროდ, მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას ელოდებიან, რადგან ბევრი შენობა დაინგრა და მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
პირველი, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ გაზიანთეფთან ახლოს მოხდა, 6 თებერვლის დილის 4:17 საათზე ადგილობრივი დროით, რასაც 40-ზე მეტი აფტერშოკი მოჰყვა. მთავარი მიწისძვრის ფოკალური სიღრმე 17,9 კმ იყო.
მეორე დამანგრეველი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა უკვე დღისით, 13:30 სთ-ზე მოხდა, ელბისტანის რაიონში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, მისი ფოკალური სიღრმე 7 კმ იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში ქართველი მაშველები გაემგზავრნენ, ასევე, გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
ნინო ხოშტარია
p. s. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით შექმნილია ცხელი ხაზი:
კომენტარები