ისტორიასაბერძნეთისაქართველო

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამოცემული ახალი წიგნის პრეზენტაცია ათენში

კრებულში შევიდა 28 დოკუმენტი, რომლებიც 1919-1921 წლებში საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს ეხება

2 თებერვალს ქალაქ ათენში, საქართველოს საელჩოში გაიმართა ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოიცა.

კრებულში, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური და ისტორიული არქივის დოკუმენტების მიხედვით“, წარმოდგენილია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ და ისტორიულ არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობას 1919-1921 წლებში.

კრებულში შესული დოკუმენტები ქართულ ენაზე პირველად თარგმნეს, გამოკვლევა დაურთეს და გამოსაცემად მოამზადეს შალვა კირთაძემ, გიორგი ჯანელიძემ და ლევან ჯიქიამ.

კრებულში შევიდა 28 დოკუმენტი, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს ეხება. მათ შორისაა: საბერძნეთის სამეფოსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის პოლიტიკური მისიების გაცვლა 1919 წელს; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი საბერძნეთის სამეფოს მიერ; 1920 წლის მიწისძვრა ქალაქ გორში და საბერძნეთის სამეფოს მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარება; კავკასიაში მცხოვრები პონტოელი ბერძნების საკითხი; ქართველი იუნკრების საბერძნეთის სამხედრო სასწავლებელში სწავლის საკითხი და სხვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საბერძნეთის აკადემიური წრეების, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ბერძენი ჟურნალისტები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს უფროსმა მრჩეველმა დარეჯან მუმლაძემ.

დარეჯან მუმლაძე

პრეზენტაციისა და საინტერესო დისკუსიის შემდეგ საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა ისაუბრა საელჩოს მიერ მომზადებულ საარქივო ფოტოგამოფენაზე. მან აღნიშნა რომ, საგამოფენო ექსპონატები, ძირითადად, საქართველოს ეროვნული არქივიდან იქნა გამოთხოვილი და კრებულში შესულ დოკუმენტებთან ერთად ღირებულ ცნობებს გვაწვდიან ორ ქვეყანას შორის საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებულ მრავალმხრივ ურთიერთობაზე.

მკვლევრებმა, ლევან ჯიქიამ და გიორგი ჯანელიძემ აღნიშნეს, რომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტორიული და დიპლომატიური არქივის მასალების მოძიებითა და კრებულის გამოცემით მოახერხეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის წარმოჩენა, რაც დაინტერესებულ მკვლევრებს ხელს შეუწყობს სამომავლო კვლევის ორიენტირების განსაზღვრაში

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საკვლევ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის არქივებში არსებული მასალები ბევრად მეტია, ვიდრე ამის წარმოდგენა კრებულში მოხერხდა. გამოთქვეს სურვილი ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების თაობაზე და მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ისტორიკოსებს, რომლებიც მათთან ერთად, ან დამოუკიდებლად მოისურვებენ სათანადო სამეცნიერო კვლევის წარმოებას.

ავტორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისათვის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელობას – ნაშრომის გამოცემის ნაბართვის გაცემისათვის და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს – შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. ასევე, პრეზენტაციაზე მოსულ საზოგადოებას მათი ნაშრომით დაინტერესებისთვის.

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ გაავრცელა საქართველოს საელჩომ საბერძნეთის რესპუბლიკაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close