დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში, სულ ცოტა, 284 ადამიანი შეეწირა, 2300-ზე მეტი დაშავდა (ფოტო, ვიდეო)
230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიაში, მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობელ პროვინციებში
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში დღეს დილით, 04:17 სთ-ზე (ადგილობრივი დროით) 7,4 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ანადოლუ ავრცელებს.
სტიქიის კერა ქალაქ გაზიანთეფის მახლობლად იყო, სადაც 1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მთავარი მიწისძვრის შემდეგ 42 აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან უძლიერესი 6,6 მაგნიტუდის იყო.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 2 323 დაშავდა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევების ქვეშ.
ბევრი დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებმა ღამე ქუჩაში გაათიეს, კოცონის გარშემო.
მიწისძვრის შემდეგ ზოგიერთ რაიონში – საწარმოებსა და ოფისებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულნი არიან სახანძრო სამსახურები.
ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. თურქეთში გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე. ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა.
აშშ-მა, ნატო-მ, გერმანიამ და ისრაელმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა თურქეთის დასახმარებლად.
„საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. ბოლო მონაცემებით, თურქეთის მოსაზღვრე სირიის პროვინციებში დაღუპულია 230-ზე მეტი ადამიანი (თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის Trt-ის მონაცემებით, სირიაში დაღუპულია 427 ადამიანი), სულ ცოტა, 639 ადამიანი დაშავდა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა ძებნა გრძელდება.
თურქმა სეისმოლოგებმა მიწისძვრა, რომლის კერის სიღრმე 17,9 კმ იყო, 7,4 მაგნიტუდით შეაფასეს, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმაკი – 7.8 მაგნიტუდით.
თურქეთი სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს იზმითის რაიონში მომხდარ მიწისძვრას 17 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები