საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში „ბარბარას“ ელოდებიან – მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

აუცილებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება

საბერძნეთში მოსალოდნელი უამინდობის, „ბარბარას“ (ბერძ. „ვარვარა“) შესახებ მოსახლეობას მეტეოროლოგიური სამსახური EMY აფრთხილებს, რომელმაც საგანგებო განცხადება გაავრცელა: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ყინვები და თოვა დაბლობ ადგილებშიც კი. 

უამინდობა სამშაბათამდე (ჩათვლით) გასტანს, მისი პიკი კი კვირას, 5 თებერვალს იქნება. ცივი ჰაერის მასები ჩრდილოეთ ევროპიდან სამხრეთისკენ წამოვა და კვირიდან საბერძნეთში ამინდი გაუარესდება. „ბარბარას“ ძირითადი მახასიათებლებია – ძლიერი ქარი, 8-9 ბალი ბოფორტის სკალით, დაბალი ტემპერატურული მაჩვენებლები, ყინვა, უხვი თოვა არა მარტო მთებში, არამედ აღმოსავლეთ საბერძნეთის დაბლობ ადგილებშიც კი.

კვირას რიჟრაჟიდან მოსალოდნელია თოვა ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, ხოლო შუადღიდან – თრაკიასა და ქალკიდიკზე. შუადღემდე თოვა გაგრძელდება სამხრეთისკენ, გაძლიერდება და მიაღწევს სპორადებს, თესალიის აღმოსავლეთ ნაწილს, ევიას (ევბეა) და აღმოსავლეთ სტერეას, განსაკუთრებით კი – ბეოტიას და ატიკას. ითოვებს დაბლობშიც კი.

დღის მეორე ნახევრიდან თოვლი მოსალოდნელია ცენტრალური და ჩრდილოეთ კიკლადების მთებსა და ზეგნებზე, კრეტაზე, სადაც ზოგ ადგილას ძლიერ ითოვებს. ეგეოსის ზღვაზე და სანაპირო რაიონებში ქარბუქს ელოდებიან.

კვირა, 5 თებერვალი

თანდათანობით დაიწევს ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 8-10 გრადუსით შემცირდება. კონტინენტურ რაიონებში უმეტესად ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში მთელი დღის განმავლობაში მინუსიანი ტემპერატურული მაჩვენებლები დაფიქსირდება.

შუადღიდან ზღვებზე იქროლებს შტორმული ჩრდილოეთის/ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, 8-9 ბალის სიმძლავრის (ბოფორტის სკალით). კვირას, შუადღიდან იონიის, ხოლო სამშაბათიდან ეგეოსის ზღვაზე ქარი თანდათანობით შესუსტდება. ქარბუქი იქნება ზღვაზე და ეგეოსის ზღვის სანაპირო რაიონებში.

ორშაბათი, 6 თებერვალი

ძლიერი თოვა გაგრძელდება ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, სპორადებზე, ევიაზე (ევბეა), აღმოსავლეთ სტერეაზე, კიკლადებსა და კრეტაზე. ატიკაში თოვა დაიწყება კვირას, თავიდან აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში, შუადღიდან კი პრეფექტურის უმეტეს ნაწილში გაგრძელდება. შუადღიდან თოვა გაძლიერდება, თოვლი მოსალოდნელია დაბლობ ადგილებშიც. ღამით თოვა შესუსტდება, ხოლო ორშაბათიდან ისევ გაძლიერდება. ორშაბათს თოვა გაგრძელდება ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, სპორადებზე, ევიაზე (ევბეა), აღმოსავლეთ სტერეაზე, კიკლადებსა და კრეტაზე.

სამშაბათი, 7 თებერვალი

თოვა გაგრძელდება აღმოსავლეთ საბერძნეთში, თესალიიდან სამხრეთისკენ, აგრეთვე, კიკლადებსა და კრეტაზე, თუმცა ნაკლები ინტენსივობით.

აუცილებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები

სახანძრო-სამაშველო სამსახურის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ მძღოლებს თავიანთ ავტომობილებში უნდა ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ. თუ შემოწმებისას მძღოლს ავტომობილში არ ექნება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, 80 ევროთი დაჯარიმდება. 

შეგახსენებთ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები საბერძნეთში გასული წლის ოქტომბრიდან გახდა სავალდებულო. როდესაც ამინდის პირობები ამას მოითხოვს ანუ თოვის შემთხვევაში მძღოლებს თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებში უნდა ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში.

აგრეთვე, სახანძრო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ აუცილებელი არ არის, უამინდობისას თავი შეიკავონ მგზავრობისგან, ხოლო თუ აუცილებლობა მოითხოვს სახლიდან გამოსვლას, განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ გადაადგილების დროს და დაიცვან პირადი უსაფრთხოების ყველა რეკომენდებული ზომა.

მოსალოდნელი უამინდობის პირობებში მომდევნო რამდენიმე დღეს საბერძნეთში ყველა შესაბამისი სამსახური გაზრდილი მზაობის რეჟიმში იქნება.

ამინდი დღეს

ატიკა

თანდათან ძლიერდება ღრუბლიანობა, ლოკალური წვიმები, ადგილ-ადგილ – შტორმი. საღამოს მთაში თოვლი მოვა. ქრის ქარი დასავლეთის ქარი  3-დან 5 ბალამდე ბოფორტის სკალით. ჰაერის ტემპერატურა 5°C-დან 14°C-მდეა.

თესალონიკი

მოღრუბლულია, ზოგან წვიმს, ზოგან სველი თოვლი მოდის, მთებში თოვს. ქრის დასავლეთის/ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 3-4 ბალი ბოფორტის სკალით, რომელიც თანდათან ძლიერდება და საღამოს 5-7 ბალს მიაღწევს, ჰაერის ტემპერატურა 2°С-იდან 11°С გრადუსამდეა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close