მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

მოდის დიზაინერი, გენიალური პაკო რაბანი გარდაიცვალა (ფოტოები)

ესპანური წარმოშობის გენიალური ფრანგი დიზაინერი, მოდის სახლ Paco Rabanne-ის დამფუძნებელი პაკო რაბანი (ფრანსისკო რაბანედა კუერვო) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა 3 თებერვალს. გამოცემა Le Monde-ი იტყობინება, რომ დიზაინერი დასავლეთ საფრანგეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პაკო რაბანი ესპანეთში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. პაკო რაბანის დედა  ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მოდის სახლში მუშაობდა.

პაკო რაბანი ცნობილია ექსცენტრიკული ტანსაცმლითა და სუნამოებით. იგი ახალგაზრდობაში არქიტექტურას სწავლობდა, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. სტუდენტობისას სწავლის საფასურის გადასახდელად მან მოდის აქსესუარები, ღილები დაამზადა „ბალენსიაგას“ მოდის სახლისთვის (დედის გავლენის გარეშე). თავის ნამუშევრებში იგი უჩვეულო მასალებს იყენებდა.

1966 წელს პარიზში გაიმართა მისი პირველი კოლექციის – ქაღალდის, პლასტმასისა და ლითონისგან დამზადებული 12 სამოსის ჩვენება.

დიზაინერს უყვარდა ექსპერიმენტები სხვადასხვა მასალის შერწყმით, მან შემოიტანა მჭიდრო კაბების მოდა ნაქსოვი ჯაჭვის სახით.

პაკო რაბანი პირველი დიზაინერი იყო, ვინც პოდიუმზე ჩვენების დროს მუსიკალური აკომპანიმენტი გამოიყენა.

პაკო რაბანი პირველი დიზაინერი იყო, ვინც პოდიუმზე მუქკანიანი მოდელები შემოიყვანა.

სწორედ პაკო რაბანმა შექმნა ჯეინ ფონდას საკულტო ფუტურისტული კოსტიუმი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმისთვის „Barbarella“ (1968) და ფრანგი მსახიობების, ბრჯიტ ბარდოს და ფრანსუაზ ჰარდის კაბები.

მისი ავტორობით 5 წიგნი გამოიცა მოდის სფეროს შესახებ.

1999 წელს პაკო რაბანმა საკუთარი მოდის სახლი დატოვა. ამჟამად Paco Rabanne-ის ბრენდი ეკუთვნის ესპანურ კომპანია Puig-ს, რომელიც  მოდურ ტანსაცმელსა და სუნამოებს ქმნის. დიზაინერის კომპანიაში აცხადებენ, რომ „მისი მემკვიდრეობა იცოცხლებს“.

თამარ ოთიაშვილი

პირველ ფოტოზე: კარლა ბრუნი პაკო რაბანის კაბაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close