საბერძნეთი: ზოგან თოვლის საფარმა 40 სმ-ს მიაღწია, უამინდობა გრძელდება (ვიდეო)
ძლიერმა თოვამ მოიცვა გუშინ ღამით ტრიკალის პრეფექტურის თითქმის ყველა სოფელი, რომლებიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.
ადგილობრივი საიტის, trikalaola.gr-ს ინფორმაციით, მთავარი გზა – პილი – პერტული – ტრია პოტამია გახსნილია თესალიის რეგიონის თოვლმწმენდი მანქანების მუდმივი მუშაობის წყალობით, რომლებიც გზას თოვლისგან წმენდენ და თან მარილს აყრიან, რათა არ მოიყინოს.
პრობლემებია პერიფერიულ სოფლის გზებზე, აგრეთვე, რეგიონის სხვა სატრანსპორტო ქსელებზე. დიდი რაოდენობით თოვლის გამო შეფერხებები იყო ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, თუმცა დროულად მოგვარდა.
ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, დაბლობ რაიონებში კოკისპირული წვიმებია. შედეგად მდინარე პინიოსი კალაპოტიდან გადმოვიდა.
ელატიში თოვლის საფარმა 40 სმ-ს მიაღწია.
უამინდობა, რომელიც საბერძნეთს თავს დაატყდა ძლიერი წვიმებით, სეტყვითა და თოვლით, პარასკევს, 27 იანვარსაც გაგრძელდება – ასეთია ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზი. უახლოეს საათებში უამინდობის ფრონტის „დარტყმა“ მოსალოდნელია თრაკიაში, კიკლადებზე, ეგეოსის ზღვისა და დოდეკანესის კუნძულებზე.
ატიკის ოლქში პარასკევს შუადღემდე მოსალოდნელია ლოკალური წვიმები, ალაგ-ალაგ ჭექა-ქუხილით, ხოლო ზღვისპირა რაიონებში შტორმული ამინდი შენარჩუნდება.
თოვლი მოვა თესალიის, ეპირის და საბერძნეთის შუა ნაწილის დასავლეთ მთიან რაიონებში, კალავრიტის ახლოს მდებარე მთებში. მეტეოროლოგების პროგნოზით, ათენის მთებში პარასკევსაც ითოვებს, რაც დედაქალაქში ტემპერატურის კლებას გამოიწვევს, განსაკუთრებით საღამოს და ღამის საათებში.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები