fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უახლოეს დღეებში კიევში ჩავა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი გეგმავს, უახლოეს მომავალში ეწვიოს კიევს ოფიციალური ვიზიტით. ამის შესახებ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში საწარმოებისა და პროდუქციის „დამზადებულია იტალიაში“ საქმეების მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩვენი პრემიერ-მინისტრი [კიევში] გაემგზავრება“, – განაცხადა ურსომ.

მისივე თქმით, მელონის კიევში ვიზიტის შემდეგ  რომში გაიმართება „დიდი ღონისძიება“ უკრაინის აღდგენის თემაზე. ღონისძიების მონაწილეები წარადგენენ თავიანთ პროექტებს, რომლებზეც უკვე მუშაობენ.

თავად მინისტრი ადოლფო ურსო ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კიევში და ხელი მოაწერა ტექნოლოგიურ და სამრეწველო თანამშრომლობას იტალიასა და უკრაინას შორის.

კიევში იტალიელი პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ბრუნო ვესპასთან ინტერვიუში Rai news 24-ზე, გადაცემა Porta a Porta-ში.

იტალია ომის დაწყების დღიდან (როდესაც ქვეყნის მთავრობის მეთაური მარიო დრაგი იყო) აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და ეს პოზიცია არც ახალ მთავრობას შეუცვლია პრემიერ ჯორჯა მელონის მეთაურობით.

იტალიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ იტალიის ხელისუფლებამ მოკავშირეებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის „მის ბრძოლაში თავისუფლებისათვის“. მისი თქმით, იტალიამ უკვე მიაწოდა უკრაინას თავდაცვითი ხასიათის დახმარების 5 პაკეტი ერთი მილიარდი ევროს საერთო ღირებულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში 23 იანვარს განაცხადა, რომ იტალია საფრანგეთთან ერთად კიევს სარაკეტო კომპლექს Samp-T-ს გადასცემს.

„მზადდება მეექვსე პაკეტი, რომლებშიც  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები შედის. საფრანგეთთან თანამშრომლობით დავასრულებთ Samp-T-ის გაგზავნას, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს სხვა ქმედებები, რომლებზეც კონფიდენციალურად ვმუშაობთ“, – თქვა ანტონიო ტაიანიმ.

აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის გერმანული წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკების – Leopard 2-ის გადაცემის თაობაზე და ამის ნებართვა მისცა მოკავშირე ქვეყნებსაც. ეს ინფორმაცია წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს 24 იანვარს ბერლინში წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა მთავრობას ის ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. პოლონეთს უკვე გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გადაცემა. მედიის ინფორმაციით, სკანდინავიის ქვეყნებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

AP-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით (ჯო ბაიდენის წარმომადგენელზე დაყრდნობით), აშშ მზადაა უკრაინას საბრძოლო ტანკები M1 Abrams გაუგზავნოს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ ინფორმაციის დადასტურებაზე უარი თქვა. „ამ დროისთვის არაფრის თქმა შემიძლია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close