RYANAIR-ი საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს
საქართველოში სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი „დისქავერის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2023 წელს საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ თეიმურაზ ბუზალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ფრენების აღდგენის ზუსტი დრო არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აქვს.
„იმ ავიაკომპანიების ჯგუფიდან, რომელთაც ჩვენ სერვისებს ვუწევთ, ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდა, Ryanair-ი იყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს კომპანია მომდევნო წელს დაბრუნებას გეგმავს. Ryanair-თან კომუნიკაციისას ზაფხულში გვითხრეს, რომ არ აპირებდნენ გამოჩენას, თუმცა 2023 წელს გეგმები არის“, – აღნიშნა თეიმურაზ ბუზალაძემ.
მისი შეფასებით, 2022 წელი ავიაციის სექტორისთვის ბუმის ეფექტის იყო, 2023 წელი კი კიდევ უფრო წარმატებული და შედეგიანი იქნება.
„სხვა ავიაკომპანიებმა 2019 წელს არსებული სიხშირეები 2022 წელს გაზარდეს. მაგალითად, საუდის არაბეთის ავიაკომპანიები ზამთარში საქართველოში არ დაფრინავდნენ, წელს კი ამ ფრენებს აგრძელებენ. მათი მოლოდინია, რომ 2023 წელი 2022-თან შედარებით უფრო მომგებიანი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ამ კუთხით საქართველოში ძალიან დიდი ზრდა გვექნება არა მხოლოდ მგზავრთა ნაკადის, არამედ ავიაკომპანიების მხრივაც“, – განაცხადა ბუზალაძემ.
ცნობისთვის, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ფრენები პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს შეწყვიტა. 2020 წლის განმავლობაში კი Ryanair-ი საქართველოში 21 323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.
bm.ge
კომენტარები