ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში ქარბუქმა და არნახულმა ყინვამ უკვე 60-ზე მეტი ადამიანი შეიწირა

აშშ-ში საშინელი უამინდობის შედეგად, სულ ცოტა, 62 ადამიანი გარდაიცვალა. 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნიუ-იორკის შტატის ერის ოლქში, რომელშიც შედის ქალაქი ბუფალო, სადაც ქარბუქმა 28 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მობილიზებულია სამხედრო პოლიცია. შიშობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ბუფალოში აკრძალულია პირადი ავტომობილებით სარგებლობა, საგზაო მოძრაობის მართვისთვის კი სამხედრო პოლიციაა მობილიზებული.

ბუფალოში მაროდიორობის შემთხვევები დაფიქსირდა. ქალაქის პოლიციის შეფის, ჯოზეფ გრაგმალიას თქმით, „მაროდიორობა ჯერ ისევ გრძელდება“, დაკავებულია ოთხი პირი. „ეს ადამიანები წამლებს და საკვებს კი არ იპარავენ, არამედ მაღაზიებს ტეხენ და გააქვთ ტელევიზორები, დივნები და ყველაფერი, რის წაღებაც შეუძლიათ, ისინი სიტუაციით სარგებლობენ“, – განაცხადა გრაგმალიამ.

უჩვეულოდ ძლიერი ყინვა და თოვა აღინიშნა ბოლო დღეებში აშშ-ის ბევრ შტატში.

გაუქმდა ათასობით ავიარეისი, მათ შორის – 4700 მარტო სამშაბათ დილით. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.

ორშაბათს, 26 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ნიუ-იორკის შტატისთვის ფედერალური დახმარების საშუალებას იძლევა. „თანავუგრნობ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა ამ დღესასწაულის დღეებში“, – დაწერა მან ტვიტერზე.

მეზობელი ნიუ-ჯერსის შტატიდან ასევე გაიგზავნა საგანგებო სამსახურები ნიუ-იორკის შტატისთვის დახმარების გასაწევად, თუმცა შტატის გუბერნატორის, კეტი ჰოკულის თქმით, რომელიც თავადაც ბუფალოდანაა, საგანგებო დახმარების სამსახურის ბევრმა მანქანამ ყველაზე დაზარალებულ რაიონებამდე ვერ მიაღწია, მათი ნაწილი თვითონაც თოვლში გაიჭედა.

ქარბუქის გამო ადამიანები სხვა შტატებშიც დაიღუპნენ, კერძოდ:  ვერმონტში, ოჰაიოში, მისურიში, ვისკონსინში, კანზასსა და კოლორადოში.

სამხრეთ ფლორიდაში ტემპერატურა ისე დაეცა, რომ იგუანები იყინებოდნენ და ხეებიდან ძირს ცვიოდნენ.

ნახირი ქარბუქში მოყვა სამხრეთ დაკოტაში. ფოტო: rEUTERS

ყველაზე ძლიერი ყინვა, -45°C მონტანაში დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, ძლიერი ქარბუქი – ე. წ. ციკლონი-ბომბი უახლოეს დღეებში ჩაცხრება, თოვა შემცირდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს, თუმცა დაზარალებული რაიონების მცხოვრებლებს ურჩევენ, თავი შეიკავონ გამგზავრებისგან, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close