შეუცნობელი

ფულის ხე და საახალწლო რიტუალი ბარაქის მოსაზიდად

მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია ეგრეთ წოდებული ფულის ხე, რომელსაც ბარაქის ხესაც უწოდებენ, სინამდვილეში კი კრასულა ჰქვია. ის ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა და ბევრი მას წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევს – ფიქრობენ, რომ, თუ ეს მცენარე ოჯახში კარგად ხარობს და იზრდება, ამ ოჯახს ბარაქა და დოვლათი არასოდეს მოაკლდება.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დღეს ეს ხე თითქმის ყველა ოჯახში ხარობს.

სხვათა შორის, ამ ხესთან დაკავშირებით ერთი საინტერესო რიტუალი არსებობს, რომელიც ახალ წელს უკავშირდება და ახლა სწორედ ამ რიტუალის შესახებ მოგითხრობთ.

თუ ახალ წელს ახლობელმა საჩუქრის ნაცვლად გარკვეული თანხა გადმოგცათ და გთხოვათ, თავად შეიძინოთ ის, რისი ყიდვაც გსურთ, ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოჯახში „ფულის ხე“ ხარობს. ფული თეთრ ქაღალდის კონვერტში მოათავსეთ, წითელი აბრეშუმის ბაფთით შეკარით და თქვენი „ფულის ხის“ ქოთნის ქვეშ დადეთ.

მთელი ეს რიტუალი ორ მარტივ პირობას მოითხოვს:

  • უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გახსოვდეთ, რომ მცენარე აუცილებლად ნათელ ადგილას უნდა დადგათ, ხშირად ეფეროთ და კარგად მოუაროთ.
  • მეორეც, ქოთნის ქვეშ მოთავსებული თანხიდან მთელი წლის მანძილზე არცერთი კუპიურა არ უნდა აიღოთ – ეს რიტუალი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაამართლებს. არსებობს რწმენა, რომ ხის ზრდასთან ერთად თქვენი შემოსავალი და დანაზოგიც გაიზრდება, ხოლო თუ ხე გაგიხმათ, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო – ხეს მზრუნველობა მოაკელით, ან მასზე სხვა, რაღაც არასასურველი ძალა მოქმედებს.

მოგეხსენებათ, დრუიდთა უძველესი და უძლიერესი მაგია სწორედ მცენარეებსა და მათ ძალას ეყრდნობოდა. თანამედროვეობამდე ამ ცოდნის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია და თუ თქვენც გჯერათ მცენარეთა სასწაულმოქმედი ენერგიის, მაშინ ამ მარტივი რიტუალის შესრულებას წინ რაღა უდგას?

ერთ რჩევას მოგცემთ: იმისათვის, რომ სახლში ბარაქა და კეთილდღეობა იყოს, ეს მცენარე პატარა ტოტიდან თავად უნდა გაზარდოთ და არ იყიდოთ უკვე  გაზრდილი ხე.

ჩვენი მხრივ, გისურვებთ, რომ ახალ წელს თქვენს ოჯახში მშვიდობა და ბარაქა მოეტანოს, მიუხედავად იმისა, გაქვთ „ფულის ხე“ თუ არა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close