ერდოღანი ათენს სარაკეტო დარტყმით ემუქრება – როგორია ათენის რეაქცია?
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს მისთვის ბოლო თვეებში ჩვეულ აგრესიულ რიტორიკას საბერძნეთის მიმართ და აცხადებს, რომ თურქულ რაკეტა „ტაიფუნს“ შეუძლია ათენამდე მიაღწიოს. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ პროვინცია სამსუნში გამართულ მორიგ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, საბერძნეთი თურქული ბალისტიკური რაკეტის – „ტაიფუნის“ გამოცდამ შეაშინა.
ამჯერად ათენთან თურქეთის პრეზიდენტის დაპირისპირების მიზეზი იარაღის შესყიდვის თემა გახდა. მან მოუწოდა საბერძნეთს, არ შეიძინოს იარაღი ამერიკისგან და არ გამოიყენოს ის ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაციის მცდელობისთვის.
„ახლა ჩვენ საკუთარი რაკეტების წარმოება დავიწყეთ. ცხადია, ბერძნებს ეს აშინებს. როდესაც ამბობთ „ტაიფუნი“, ბერძენს ეშინია, რომ ეს რაკეტა ათენს დაარტყამს. ცხადია, დაარტყამს“, – თქვა ერდოღანმა და დასძინა ბერძნების მისამართით: „თუ ეცდებით შეიარაღების შეძენას ამერიკისგან ეგეოსის კუნძულებისთვის, თურქეთი მაყურებლის როლში არ დარჩება“.
Turkish President Recep Tayyip Erdogan’s remarks underscore Türkiye’s repeated warnings regarding provocative actions by Greece in the region in recent months, including arming islands https://t.co/mdoQQIZdaP pic.twitter.com/HO4WolWnpM
— ANADOLU AGENCY (@anadoluagency) December 11, 2022
ანკარის მონაცემებით, მცირე სიშორის რაკეტა „ტაიფუნმა“ (Typhoon), რომელიც თურქეთმა გასული წლის ოქტომბერში შავი ზღვის თავზე გამოცადა, 561 კმ-ით დაშორებულ მიზანს 458 წამში მიაღწია.
გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა მიზნად ისახავს ამ რაკეტის სიშორის გაზრდას და ინოვაციური პროექტების განხორციელება სარაკეტო იარაღის შექმნის მიზნით.
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა დაგმო ერდოღანის მუქარა, რომ ათენზე სარაკეტო დარტყმას განახორციელებს.
„მიუღებელია და აბსოლუტურად დასაგმობია საბერძნეთზე სარაკეტო თავდასხმის მუქარები მოკავშირე ქვეყნისგან, რომელიც ნატოს წევრია. ჩრდილოეთ კორეის მსგავსი აზროვნების მანერას არ შეიძლება და არ უნდა ჰქონდეს ადგილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ჩასულმა ნიკოს დენდიასმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
კომენტარები