მსოფლიოსაზოგადოება

რომელი სიტყვა დასახელდა 2022 წლის რჩეულად და რატომ გაიზარდა ამ სიტყვის მნიშვნელობის მოძიებაზე მოთხოვნა 1740%-ით

ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster-მა 2022 წლის სიტყვად „გაზლაითინგი“ დაასახელა. როგორც განმარტავენ, 2021 წელთან შედარებით ამ სიტყვის მნიშვნელობის მოძიებაზე მოთხოვნა 1740%-ით გაიზარდა.

„დეზინფორმაციების საუკუნეში „გაზლაითინგი“ ჩვენი დროის სიტყვად იქცა“, – აცხადებენ ლექსიკონის შემქმნელები. გაზლაითინგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, რომლის დროსაც მოძალადე რეალობის დამახინჯებითა და მუდმივი ტყუილებით მსხვერპლს აიძულებს, საკუთარ საღ გონებაში და რეალობის აღქმის უნარში ეჭვი შეიტანოს.

ეს ტერმინი, მართალია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ფსიქოანალიტიკურ კვლევებში ის ათწლეულებია, რაც განიხილება. ტერმინის სახელწოდება 1944 წელს გადაღებული ფილმის, „გაზლაითინგის  დასახელებიდან მომდინარეობს. ფსიქოლოგიურ ტრილერში ნაჩვენებია, როგორ ცდილობს ქმარი, მანიპულაციებით დაარწმუნოს ცოლი, რომ იგი ჭკუიდან იშლება.

ფილმში მოთხრობილია ოპერის ახალგაზრდა მომღერლის, პაულას ისტორია, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია: პაულა აღმზრდელი დეიდის სიკვდილითაა ტრავმირებული, მომხიბლავ მუსიკოსთან  ქორწინება კი ქალს ახალ განსაცდელს უმზადებს. ფილმში ვხედავთ, როგორ სწყდება თანდათან პაულა გარე სამყაროს და თავგზა ებნევა, რადგან მეუღლე არწმუნებს, რომ იგი გიჟდება: ნივთები იკარგება; ჩაკეტილი სხვენიდან უცნაური ხმაური ისმის; გაზზე მომუშავე სახლის განათება ავის მომასწავებლად ციმციმებს… ერთ-ერთ სცენაში პაულა აღელვებული ეკითხება მას: „გინდა მითხრა, რომ გავგიჟდი?“ – ქმარი კი ღვარძლიანად მიუგებს: „ალბათ ახლა ხვდები, რატომ არ შემიძლია მოგცე ნება, ხალხს შეხვდე“.

ფილმში მთავარ როლებს მომხიბლავი ინგრიდ ბერგმანი და ჩარლზ ბოიერი ასრულებენ.

გეცნობათ სიტუაცია, როცა ქმარი ან პარტნიორი არ სვამს, კაზინოში არ თამაშობს, არასოდეს ყვირის, ფიზიკურად არ გეხებათ, მაგრამ მის გვერდით მაინც დაძაბულად გრძნობთ თავს, მუდმივად დანაშაულის შეგრძნება გაქვთ და გინდათ თავი იმართლოთ?

მართალია, „გაზლაითინგს“, ძირითადად, ოჯახურ ძალადობას უკავშირებენ, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობის ეს ფორმა ყოველდღე გვხვდება ჩვენ გარშემო – რამდენი რეკლამაა, რომელიც გვარწმუნებს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს? ეს „გაზლაითინგის“ მსუბუქი ფორმაა: საკუთარ თავში ეჭვი უნდა შეგეპაროთ, უნდა გადაწყვიტოთ, რომ ცხოვრებაში რაღაც გაკლიათ. შემდეგ ამას მოსდევს ფიქრი, რომ სწორედ ეს კონკრეტული პროდუქტი გაკლიათ.

ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როგორც ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა.„გაზლაითინგი“ ფსიქოლოგიური ძალადობის ის ფორმაა, რომელსაც ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ, როცა დამნაშავე მსხვერპლის აღქმის უნარს თავად აკონტროლებს და მის ცხოვრებაზეც ტოტალურ კონტროლს ამყარებს.

ამიტომ ფხიზლად იყავით, ამოიცანით და ეცადეთ, არ დანებდეთ ემოციურ შანტაჟს! კარგია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, გაერკვეს მანიპულაციის ამ ფორმაში.

2021 წელს Merriam-Webster-მა წლის სიტყვად „ვაქცინა“ დაასახელა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close