საზოგადოებასაქართველო

ირაკლი იმნაიშვილი „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ირაკლი იმნაიშვილი „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით თავად გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ ეტაპზე უწევს, მთლიანად გადაერთოს თავის ჯანმრთელობაზე. 

„როდესაც „რუსთავი 2“ ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური. ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო „რუსთავი 2-ის“ პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს, ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი ❤️ რუსთავი 2-ში რჩება“, – დაწერა მან ფეისბუქში.

ირაკლი იმნაიშვილი მეუღლესთან, ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად 2006 წელს  საქართველოდან ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად – მას შემდეგ, რაც საქართველოში C ჰეპატიტის მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაიწყო. დიდ ბრიტანეთში გადასვლამდე იგი ტელეკომპანია „მზის“ ტოქშოუს წამყვანად მუშაობდა, მანამდე კი, 2000-2003 წლებში – საქართველოს პირველ არხზე.

დიდ ბრიტანეთში ირაკლი იმნაიშვილმა მკურნალობა გააგრძელა, თან თავისი პროფესიული საქმიანობა არ შეუწყვეტია. როგორც მის linkedin-ის პროფილზეა მითითებული, 2006-2007 წლებში იგი ვესტმინსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა, 2007-იდან 2019 წლამდე BBC-ზე მუშაობდა მმართველი რედაქტორის მოადგილედ (Deputy Managing Editor – World Service); ერთი პერიოდი კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის“ მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.

ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამ დრომდე ამ თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close