მსოფლიოპოლიტიკაიტალია

რომის სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა; ექსპრემიერს სურს, „მსოფლიო გმირი“ გახდეს და „ისტორიის სახელმძღვანელოებში შევიდეს“

რომის სასამართლომ 17 ნოემბერს  იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი უდანაშაულოდ ცნო მოწმეების მოსყიდვის საქმეზე. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, 86 წლის პოლიტიკოსს კავშირი ჰქონდა არასრულწლოვან მეძავებთან და მართლმსაჯულებისთვის ამ ფაქტის დასამალად მოწმეთა მოსყიდვას ცდილობდა.

რომის სასამართლომ ვერდიქტი „დანაშაულის ფაქტის არარსებობის“ საფუძველზე გამოიტანა.

ბერლუსკონი, რომელიც პუტინის მეგობრად მიიჩნევდა თავს და 25 სექტემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე სკანდალური ინფორმაციაც გავრცელდა მისი პუტინთან მეგობრული ჟესტების ურთიერთგაცვლის თაობაზე, ამბობს, რომ აპირებს შუამავალი გახდეს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას კიევი და მოსკოვი.

იგი თავისი შუამავლობის განზრახვაზე კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად სექტემბერშიც აცხადებდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი აპირებს, მოსკოვში გაფრინდეს და დაარწმუნოს პუტინი, მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, რათა უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმოს და რომ პოლიტიკოსის კერძო თვითმფრინავი მზადაა საერთაშორისო რეისის შესასრულებლად.

გამოცემა Spectator-ის ბრიტანელი ჟურნალისტის ნიკოლას ფარელის მტკიცებით, ბერლუსკონი რუსეთში ჩასვლას შობამდე გეგმავს, ეს იქნება მისი, როგორც პოლიტიკოსის გედის სიმღერა, რათა მშვიდობისმყოფელად გამოჩნდეს.

ფარელის მოჰყავს ბერლუსკონის ნდობით აღჭურვილი პირის, ტელეწამყვანის და ჟურნალისტის, ვიტორიო სგარბის ციტატა, რომელიც ამჟამად მელონის მთავრობაში კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს („ფორცა იტალიადან“).

სგარბის თქმით, პარტია „ფორცა იტალიას“ დამფუძნებელს და ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სურვილი აქვს, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების ორგანიზატორი გახდეს; ბერლუსკონს სჯერა, რომ შეუძლია მოლაპარაკებების ორგანიზება და თუ ამას მოახერხებს „ისე, რომ ნატოს პოზიციები არ შეირყეს, იგი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა, როგორც მსოფლიო გმირი“.

„ფორცა იტალიაში“ 18 ნოემბერს უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი 86 წლის ლიდერი მოსკოვში გაფრენას აპირებს, რათა „პუტინი დაარწმუნოს“, „უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადოს“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close